სუპერიახტების გლობალური გაყიდვები შემცირდა

სუპერიახტების გლობალური გაყიდვები 2023 წელს 17%-ით შემცირდა. ამის შესახებ SuperYacht Times-ის ანგარიშში წერია, რასაც CNBC ავრცელებს.

ანგარიშის მიხედვით, მთელი გასული წლის განმავლობაში სულ 203 გემი გაიყიდა, მაშინ, როცა 2022 წელს გაყიდული იახტების რაოდენობა 245-ს, ხოლო 2021 წელს რეკორდულ 313 ერთეულს შეადგენდა.

ანალიტიკოსები ამ ტენდენციას შეკვეთილი იახტის დროის გახანგრძლივებასა და ფასების ზრდას უკავშირებენ. კერძოდ, SuperYacht Times-ის ანალიტიკური განყოფილების ხელმძღვანელი, რალფ დაზერტი აცხადებს, რომ მყიდველი, რომელიც 60 მეტრზე მეტი სიგრძის ახალ იახტას უკვეთავს, იძულებულია, მის ჩაბარებას სამიდან ოთხ წლამდე ელოდოს. გემთმშენებლობებზე შეფერხებებს დაზერტი კორონავირუსული პანდემიის ეფექტით ხსნის. ამასთან, იახტები მუშახელისა და მატერიალური ხარჯის ზრდის გამო ძვირდება, ასეთ პირობებში კი ანალიტიკოსი წელს ახალი სუპერიახტების გაყიდვების შემცირებას მოელის.

SuperYacht Times-ის მონაცემებით, ყველაზე მეტად 200 მეტრზე მეტი სიგრძის სუპერიახტების გაყიდვები შემცირდა. კერძოდ, გასულ წელს, 2022 წელთან შედარებით, ისინი 40%-ით ნაკლებად გაიყიდა. მთავარ მიზეზად SuperYacht Times-ი ბაზრიდან მდიდარი რუსი მყიდველების გასვლას ასახელებს, რომლებსაც დასავლური სანქციები შეეხოთ.

“რუსებს მეტად ექსტრავაგანტული და ძალიან დიდი იახტები იზიდავდათ,” - ამბობს რალფ დაზერტი.

მისი თქმით, რუსებს ამერიკელი მყიდველები ანაცვლებენ. კერძოდ, SuperYacht Times-ის თანახმად, გასულ წელს სუპერიახტების მთლიან გაყიდვებში მათი წილი, თითქმის, მეოთხედს შეადგენდა. ამერიკელები, ახლო აღმოსავლეთისა და რუს მყიდველებთან შედარებით, როგორც წესი, უფრო კომპაქტურ იახტებს უკვეთავენ, თუმცა, ანგარიშის მიხედვით, ბოლო დროს ზომაში მათი გემებიც იზრდება.

მაგალითად, საუდის არაბეთის მოქალაქის საკუთრებაში არსებული იახტის საშუალო სიგრძე 61,6 მ-ია, რუსის - 61 მ, ხოლო ამერიკელის - 54 მ.

გაყიდვების შემცირების მიუხედავად, 2023 წელს გემთმშენებელი ვერფებიდან გასული სუპერიახტების რაოდენობა 31%-ით გაიზარდა და 202-ს მიაღწია. ეს ჯერ კიდევ კორონავირუსული პანდემიის დროს შეკვეთილი გემებია, რომელთა მშენებლობა მხოლოდ ახლა დასრულდა.

SuperYacht Times-ის მონაცემებით, ამჟამად წყალზე, დაახლოებით, 6,000 სუპერიახტაა, რაც 2002 წელზე სამჯერ მეტია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ