სრული აღდგენა - საბერძეთმა ვალის 15-წლიანი კრიზისი დაძლია

საბერძნეთის ეკონომიკამ, თითქმის, 15-წლიანი დამთრგუნველი ვალის ევროპული კრიზისის შემდეგ მიმდინარე წელი შესაძლოა, სრული აღდგენით დაასრულოს. ინფორმაციას Reuters ოფიციალური პირებისა და ინვესტორების პროგნოზებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, წელს საბერძნეთის ეკონომიკა, თითქმის, 3%-ით გაიზრდება და 2009 წლის წინაკრიზისულ დონეს მიუახლოვდება, ხოლო ევროზონის საშუალო მაჩვენებელს (+0,8%-ს) მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.

ქვეყნის სტატისტიკის სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2009 წელს ქვეყნის მშპ, დაახლოებით, 230 მლრდ ევროს შეადგენდა, რის შემდეგაც 7 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი ეცემოდა და 2020 წელს მინიმუმს, დაახლოებით, 160 მლრდ ევროს მიაღწია. თუმცა შემდეგ ქვეყნის ეკონომიკამ ზრდა დაიწყო და 2022 წელს საბერძნეთის მშპ-მა 200 მლრდ ევროს გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის შედეგებით 210 მლრდ ევროს მიაღწია.

საბერძნეთში სესხის ღირებულება იტალიის მაჩვენებელზე დაბლა დაეცა და ყველა ბერძნული ბანკი, რომლებიც ადრე დახმარებას იღებდა, ათწლეულების განმავლობაში პირველად სრულად იქნება პრივატიზებული. ინვესტორები ამას ეკონომიკის საბოლოო ნორმალიზების ნიშნად აფასებენ.

ცნობისთვის: 2010 წელს საბერძნეთი ვალის ევროპული კრიზისის ცენტრში აღმოჩნდა. მაშინ ეს კრიზისი, ასევე, იტალიას, ესპანეთს, პორტუგალიასა და ირლანდიას შეეხო, რამაც ევროზონა დაშლის რისკის წინაშე დააყენა. ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი საბერძნეთის ეკონომიკის გადარჩენის პროცესში ჩაერთო. ფინანსური დახმარების მთავარი პირობა იყო ათენის მიერ რეფორმების გატარება და მკაცრი ეკონომიკის რეჟიმის დაცვა, რამაც მოსახლეობის პროტესტი არაერთხელ გამოიწვია.

2023 წელს საბერძნეთის საკრედიტო რეიტინგი წლების განმავლობაში პირველად საინვესტიციო დონეს დაუბრუნდა. თუმცა, Reuters-ის შეფასებით, პრობლემები ქვეყნის ეკონომიკაში კვლავ რჩება, კერძოდ, შობადობის შემცირება, მუშახელის დეფიციტი და სტიქიურ უბედურებები, როგორიც არის ტყის ხანძრები და წყალდიდობები, რომლებიც სამთავრობო ფინანსებს ურტყამენ. ამასთან, საბერძნეთის ეკონომიკურ ზრდას ევროზონის წამყვან ქვეყნებში არსებული სტაგნაციაც აფერხებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ