Xiaomi-ის ელექტრომობილების გაყიდვები დაიწყო - უჩივლებს თუ არა Porsche ჩინურ კომპანიას დიზაინის მოპარვისთვის

ჩინური სმარტფონების მწარმოებელმა კომპანია Xiaomi-მ გასულ წელს განაცხადა, რომ იგი ავტომობილის გამოშვებას აპირებდა და მართლაც, BBC-ის ინფორმაციით, დღეს მათ ოფიციალურად დაიწყეს ავტომობილის გაყიდვები.

Xiaomi-ს მიერ გამართულ ღონისძიებაზე ტექნოლოგიური გიგანტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლეი ჯუნმა თქვა, რომ სტანდარტულად, Xiaomi SU7 მოდელის ფასი, რომელიც ავტომწარმოებელი კომპანია Porsche-ს რამდენიმე მოდელს ძალიან ჰგავს, 215 900 იუანი იქნება, რაც 29 872 აშშ დოლარს უდრის.

ფირმა ამბობს, რომ გაყიდვების დაწყებიდან პირველ 27 წუთში, მათ 50 000-ზე მეტი შეკვეთა მიიღეს. Xiaomi-ს ელექტრო მანქანების ბაზარზე შესვლა კი მას შემდეგ ხდება, რაც ელექტრო მანქანების ზრდა გლობალურად შემცირდა.

კომპანიის მთავარ კონკურენტებს წარმოადგენენ Tesla და BYD, რომლის შეძენაც ჩინეთის მოქალაქეებს თითქმის იგივე ფასად შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ თავად Xiaomi-ს დირექტორმა განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილი ავტომობილი ძალიან ჰგავს Porsche Taycan-ს და Panamera-ს, რომლებიც გერმანული ავტომწარმოებლის საკულტო მოდელებია.

ამ ეტაპზე უცნობია, უჩივლებს თუ არა Porsche-ს წარმომადგენლობა Xiaomi-ს თითქმის სრულიად მოპარული დიზაინის გამო, მაგრამ ტექნოლოგიური ექსპერტები და ავტომოყვარულები არ გამორიცხავენ, რომ სცენარი ამ მიმართულებითაც განვითარდეს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Apple-მა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო ელექტრომობილების შექმნაზე საუბარი, მაგრამ მათ გასულ თვეში გააუქმეს ყველა მსგავსი გეგმა.

Xiaom-მა განაცხადა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში, 10 მილიარდ დოლარს ჩადებს საავტომობილო ბიზნესში.

ბაჩანა ტყემალაძე