მარტოხელა მშობლები უმეტეს შემთხვევაში გადარჩენისთვის და ლუკმა პურისთვის იბრძვიან - ქეთევან თურაზაშვილი

უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობაა ქვეყანაში და იმის ნაცვლად, რომ წავახალისოთ შობადობის გაზრდა, გავუმარტივოთ ჩვენს მოქალაქეებს ბავშვების გაზრდის და აღზრდის პროცესი, ისეთი ჯგუფის წარმომადგენლებსაც კი ვერ ვუწევთ სათანადო მხარდაჭერას, როგორიც მარტოხელა მშობლები არიან. ამ ადამიანებს მარტოებს უწევთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის კეთება და უმეტეს შემთხვევაში, გადარჩენისთვის და ლუკმა პურისთვის იბრძვიან,- ამის შესახებ დეპუტატმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს პარლამენტში მარტოხელა მშობლებს შეხვდა.

საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ერთ-ერთ ლიდერთან შეხვედრაზე განიხილეს ის გამოწვევები და პრობლემები, რომლის წინაშეც მარტოხელა მშობლები დგანან. დეპუტატმა მათ გაუზიარა საკუთარი ხედვები და მიზნები მათი პრობლემების მოგვარების მიმართულებით.

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის თქმით, მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით, უამრავი საკითხი რჩება ღია. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრამები ფურცელზე თითქოსდა არსებობს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში, ეს სერვისები ხშირად მათთვის არაა ხელმისაწვდომი, რადგან არ აქვთ ამის შესახებ ინფორმაცია.

მისივე თქმით, იკვეთება, რომ მუნიციპალიტეტები არასაკმარისად მუშაობენ საჭიროების მქონე ადამიანების ინფორმირებაზე. ამას გარდა, აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ მარტოხელა მშობლებს, რომლებიც პარალელურად სხვა სოციალური სტატუსის მატარებლები არიან, მარჩენალდაკარგულები, სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანები და სხვა.

„ეს საკითხი გამოიკვეთა დღევანდელ შეხვედრაზე და არაერთი ადამიანი ჩვენგან, პარლამენტში ორი კაცით წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიიდან იღებს ინფორმაციას. ინფორმირებაზე ზრუნვასთან ერთად, ხელისუფლების მხრიდან გადასადგმელია კონკრეტული ნაბიჯები, უნდა შევიდეს ცვლილებები კანონმდებლობაში რათა:

სტატუსის მიღება მშობლების გარდა (ვინც მარტო დარჩა ყველა პრობლემის წინაშე, რაც ბავშვის აღზრდას უკავშირდება), ასევე უნდა შეძლონ იმ ბებია-ბაბუა, პაპა-დიდედებმა, უახლოესმა ნათესავებმა (დეიდა, ბიძა, მამიდა), ვინც მარტო ზრდის ობლებს. სტატუსის მიღებას უნდა მოჰყვებოდეს, რეალური შეღავათები და მხარდამჭერი პროგრამები - ფინანსური დახმარება, კომუნალურებზე შეღავათი, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები დასაქმების უზრუნველყოფით, ბავშვის გახანგრძლივებულში დატოვების შესაძლებლობა უფასოდ.

საგადასახადო შეღავათი 3000 ლარიდან უნდა გაიზარდოს 12000 ლარამდე. რაც ნიშნავს, რომ მარტოხელა მშობელი 1000 ლარამდე ხელფასით არ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით“, -აცხადებს დეპუტატი.

მისივე თქმით, აუცილებელია გამოიძებნოს მექანიზმი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობით (ეს იქნება საუბნო ინსპექცია, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი თუ შესაბამისად გადამზადებული მოსამართლე), რომ იმ მშობლებს, რომელთა მეორე ნახევრები არ არიან გარდაცვლილები, მაგრამ წლების განმავლობაში არ იღებენ მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში, გაუმარტივდეთ და შეძლონ მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება“,-აღნიშნა თურაზაშვილმა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, თავის მხრივ, მარტოხელა დედები წუხან, რომ ვერ ახერხებენ ხმის მიწვდენას ხელისუფლებამდე იმ უამრავი პრობლემის შესახებ, რომელსაც აწყდებიან.