Wood Mackenzie - მსოფლიო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მეხუთედი დახურვის პირასაა

მსოფლიო ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 20%-ზე მეტი დახურვის საფრთხის ქვეშაა, რაც ბენზინის რენტაბელობის კლებამ და ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებისთვის ზეწოლის ზრდამ განაპირობა. ამის შესახებ ენერგეტიკულ საკონსულტაციო კომპანია Wood Mackenzie-ის ანალიზში წერია, რასაც Reuters ავრცელებს.

გაანალიზებულ 465 გადამამუშავებელ ობიექტს შორის გლობალური სიმძლავრეების, დაახლოებით, 21% გასულ წელს პოტენციურად წამგებიანად ჩაითვალა.

Wood Mac-ის კვლევამ აჩვენა, რომ დახურვის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ობიექტების უდიდესი რაოდენობა ევროპასა და ჩინეთში მდებარეობს, რაც საფრთხეს უქმნის დღეში, დაახლოებით, 3,9 მლნ ბარელი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობებს. შეფასება ეფუძნება ფულადი სახსრების სუფთა ნაკადს, ნახშირბადის ღირებულებას, საკუთრებას, გარემოსდაცვით ინვესტიციებსა და გადამამუშავებელი ქარხნების სტრატეგიულ ღირებულებას.

ანგარიშის მიხედვით, დახურვის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მსოფლიო ქარხნების 45%-ს ევროპის 11 ობიექტი შეადგენს. ინდუსტრიულ ორგანო Concawe-ის მონაცემებით, 2009 წლიდან, დაახლოებით, 30 ევროპული გადამამუშავებელი ქარხანა დაიხურა, ექსპლუატაციაში კი 90-მდე ობიექტი რჩება. დახურვის ტალღა ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ახალი, უფრო დიდი ქარხნების კონკურენციამ, ასევე, COVID-19-ის პანდემიის გავლენამ გამოიწვია.

Wood Mac-ი პროგნოზირებს, რომ ამ ათწლეულის განმავლობაში ბენზინის რენტაბელობა მასზე მოთხოვნის შემცირებისა და რუსეთზე სანქციების შემსუბუქების გამო შემცირდება. ასევე, ნახშირბადის გამონაბოლქვზე შეაძლოა, გადასახადები ამოქმედდეს.

“საექსპლუატაციო ხარჯები შესაძლოა, იმდენად გაიზარდოს, რომ ქარხნის დახურვა ერთადერთი ვარიანტი გახდეს,” - წერს Wood Mac-ი.

ამასთან, ევროპის გადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებიც გაზრდილი კონკურენციის გამო ისედაც დახურვის რისკის ქვეშ არიან, კიდევ უფრო გაზრდის ზეწოლას ნიგერიის გიგანტური გადამამუშავებელი ქარხანა, Dangote. მან შესაძლოა, ევროპიდან აფრიკაში, წელიწადში 17 მლრდ დოლარის ბენზინის მრავალწლიან ვაჭრობას წერტილი დაუსვას.

რაც შეეხება ჩინეთს, იქ დახურვის მაღალი რისკის ქვეშ შვიდი კერძო ობიექტია, რომლებიც მცირე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს წარმოადგენენ. ისინი მკაცრ სამთავრობო რეგულაციას ექვემდებარებიან და დიდი ინტეგრირებული ქარხნები უწევენ კონკურენციას, რომლებიც, როგორც წესი, სახელმწიფოს საკუთრებაა და ტექნოლოგიურადაც უფრო დახვეწილი არიან.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ