რუსეთი სანქციების გამო საკუთარ ბრილიანტს თვითონვე ყიდულობს

რუსეთის ხელისუფლება პირველად 15 წლის განმავლობაში ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე ბრილიანტების შეძენას დაიწყებს, რომ მხარი დაუჭიროს სახელმწიფო კორპორაცია „ალროსას,“ რომელიც დასავლეთის ქვეყნების სანქციებსა და ემბარგოს ექვემდებარება. ინფორმაციას Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, „ალროსა,“ რომლის 34%-იან წილს - ქონების მართვის ფედერალური სააგენტო, ხოლო მესამედს - იაკუტიის მთავრობა ფლობს, ბრილიანტს რუსეთის ფინანსთა სამინისტროს „გოსხრანზე“ გაყიდის. „გოსხრანი“ ფედერალური სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც ეწევა ძვირფასი ლითონებისა და ქვების ფორმირებას, აღრიცხვას, შენახვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სააგენტოს თანამოსაუბრის თქმით, ძვირფასი ქვების შესყიდვაზე პირველი ტრანზაქცია მარტში შესრულდა, რაც მთელი წლის განმავლობაში რეგულარულად მოხდება.

რუსეთში მოპოვებული ბრილიანტები ფედერალური ბიუჯეტიდან ბოლოს 2008-09 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს იქნა შესყიდული. მაშინ „გოსხრანმა“ „ალროსასგან“ მილიარდი დოლარის ქვები შეიძინა.

„ალროსა“ რუსული ალმასის წარმოების 95%-ს, ხოლო გლობალური წარმოების მეოთხედზე მეტს აკონტროლებს. კომპანია მიმდინარე წლის იანვარში ევროკავშირისა და შვეიცარიის სანქციების სიაში მოხვდა. ამასთან, G7-ის ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციიდან ბრილიანტის პირდაპირი იმპორტი აკრძალეს, ხოლო მარტიდან მესამე ქვეყნებში დამუშავებული რუსული წარმოშობის ბრილიანტების მიწოდებაზე ეტაპობრივი ემბარგო დააეწესეს.

The Moscow Times წერს, რომ „ალროსას“ გაყიდვებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გასულ წელს შეექმნა პრობლემები. კერძოდ, კომპანიის ბალანსზე გაუყიდავი ბრილიანტების მარაგი წელიწადში ერთბაშად 1,6-ჯერ, ანუ, ფულადი თვალსაზრისით, 52-დან 84 მლრდ რუბლამდე (564-დან 911 მლნ დოლარამდე) გაიზარდა. 2023 წლის შედეგებით, კომპანიამ მოგების, ანუ 85 მლრდ რუბლის (921 მლნ დოლარის) 15% დაკარგა, ასევე, შემოსავლის, ანუ 322 მლრდ რუბლის (3,5 მლრდ დოლარის) 9% იზარალა, ხოლო წარმოება 3%-ით, 34,6 მლნ კარატამდე შეუმცირდა.

რუსული ალმასის უმსხვილეს მყიდველად ინდოეთი რჩება, რომელიც მსოფლიოში წარმოებული ალმასის 90%-ს ამუშავებს. თუმცა გასული წლის ბოლოსთვის „ალროსას“ ამ ბაზარზეც შეექმნა პრობლემები. კერძოდ, ადგილობრივმა მარეგულირებელმა, ნედლეულის ჭარბი მარაგის მოტივით, მიწოდების შეწყვეტა მოითხოვა.

ალმასის ბაზრის ნაწილის დაკარგვის შედეგად რუსეთის დაკარგული შემოსავლები ევროკავშირმა 4 მლრდ ევროდ შეაფასა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ