Nike-ის თვითშეკვრადი სპორტული ფეხსაცმელი ნოემბრიდან გაიყიდება

ამერიკული კომპანია Nike-ის თვითშეკვრადი სპორტული ფეხსაცმელი გაყიდვაში ნოემბრიდან გამოვა.

ინოვაციური ფეხსაცმლის შექმნისკენ კომპანიას რობერტ ზემეკისის ფილმმა „უკან მომავალში 2“ უბიძგა. „ნაიკის“ წარმომადგენლის ჰეიდი ბერგეტის განცხადებით, სპორტული ფეხსაცმელი HyperAdapt 1.0 გაყიდვაში 28 ნოემბრიდან გამოვა და პირველ ეტაპზე მხოლოდ აშშ-ში მდებარე ბრენდის კონკრეტულ მაღაზიებში გაიყიდება.

„ნაიკის“ა ხალი სპორტული ფეხსაცმლის შიგნით სპეციალური სისტემაა, რომელიც თასმებს აკონტროლებს და ჭიმავს. როდესაც ადამიანი ფეხსაცმელს იცვამს, დაწოლის შედეგად სისტემა აქტიურდება და თასმა ავტომატურად იკვრება. უფრო მეტი სიმჭიდროვისთვის ფეხსაცმელზე სპეციალური ღილაკები იქნება განთავსებული. ძირთან დამაგრებული მანათობელი ინდიკატორები მომხმარებელს შეატყობინებს იმის შესახებ თუ როდისაა დასატენი ბატარეა. ბოლომდე დასატენად ბატარეებს სამი საათი სჭირდება, რაც 2 კვირიანი მუშაობისთვის არის საკმარისი.