რას ურჩევს ნასა-ს ინჟინერი ქალი ახალგაზრდებს

მათ, ვისთვისაც ჯერ კიდევ აუხდენელი ოცნებაა კოსმოსში მოგზაურობა ან თუნდაც ნასა-ს კოსმოსურ ცენტრში მოხვედრა, რამდენიმე დღის წინ შესაძლებლობა ჰქონდათ თბილისში ნასა-ს ინჟინერ ქალს ტრიშა მაკის შეხვედროდნენ.

პირველად საქართველოში ამერიკელი ინჟინერი 4 წლის წინ იმყოფებოდა და დღემდე სიამოვნებით იხსენებს აქ გატარებულ დღეებს. ტრიშას თქმით, ყველაზე მეტად ქართული სამზარეულოთი - ხაჭაპურით, საცივითა და ოჯახურით მოიხიბლა.

საკუთარი ცხოვრების კოსმოსისთვის, კერძოდ კი კოსმოსური ინჟინერიისთვის დაკავშირება ტრიშამ მე-8 კლასში, დედამიწის მეცნიერების გაკვეთილზე გადაწყვიტა და მას მერე საკუთარი გადაწყვეტილება არ შეუცვლია - მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა და იმედგაცრუებისა, არ დანებდა.

როგორც თბილისში გამართულ ლექციაზე ტრიშამ აღნიშნა, კოსმოსური ხომალდის აშენების, მისი მომზადებისა და სრულყოფილად შემოწმების გარდა, მას და მის გუნდს ასევე ევალება კოსმონავტების წინასწარ გადამზადება კოსმოსში გაფრენამდე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ჯერ არცერთხელ არ გაფრენილა კოსმოსში, კოსმონავტებს ჰაერში ლივლივსა და მოძრაობას ასწავლის სპეციალური აუზების დახმარებით, რადგან მათ მიკროგრავიტაციის ეფექტი გააჩნიათ, რომელიც კოსმოსს ახასიათებს.

„ხშირად საკუთარ წარუმატებლობასა და შეცდომებზე გაცილებით მეტს ვსწავლობთ და ვვითარდებით“, - ამბობს ტრიშა.

მის კარიერაში გადამწყვეტი როლი სწორედ მარცხმა ითამაშა.

„უნივერსიტეტში სწავლისას ნასა-ს ერთ-ერთი პროგრამის შესახებ შევიტყვე, რომელიც სტუდენტებს სწავლის პარალელურად, ნასასთვის მუშაობის საშუალებას აძლევდა. თუმცა აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოში გასაგზავნ აპლიკანტებს შორის არ მოვხვდი“, - იხსენებს ტრიშა.

მიუხედავად ამისა, 19 წლის ტრიშა არ დანებებულა და საკუთარი ოცნების განსახორციელებლად პირდაპირ ნასა-ში დარეკა და კურსზე აყვანა სთხოვა. 4-თვიანი ლოდინის შემდეგ, ტრიშა მაკიმ საბოლოოდ მიაღწია მიზანს და ნასა-ს კოსმოსურ ცენტრში მოხვდა.

„ყველაფერი გავაკეთე და ნასა-ს სხვა გზა აღარ დავუტოვე, გარდა იმისა, რომ სამუშაოდ ავეყვანე. ჩემი ისტორია ალბათ, კარგი მაგალითია იმისთვის, რომ მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი იღონო“, - ამბობს ტრიშა.

ნასა-ში დღესდღეობით ინჟინრების მხოლოდ 20 პროცენტი შეადგენს ქალებს, თუმცა ტრიშა მაკი იმედოვნებს, რომ მომავალში მეტი გოგონა დაინტერესდება ამ სფეროთი.

ლიკა ჭიღლაძე