ქართველი ბიჭების მიერ შექმნილი სენსორული ჟილეტი, რომელიც თამაშს რეალურს გახდის

გივი ბერიძე, გუნდთან ერთად, „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური ბიზნეს-იდეების ერთ-ერთი გამარჯვებულია.

გუნდის იდეა კი ეგრეთ წოდებული გეიმერებისთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება.

როგორც პროექტის თანადამფუძნებელი გივი ბერიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, აღნიშნული პროექტით მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, თამაში რეალურად შეიგრძნოს.

„პროექტი რეალური ლაზერული თამაშებია. ეს არის ჟილეტი, რომელიც მთლიანად სენსორებითაა დაფარული. ლაზერული სხივის მოხვედრის შემთხვევაში, სენსორის უკან მყოფი ვიბრაციის ძრავი ამოქმედდება და ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ტყვია მართლა მოგხვდა. სწორედ ეს ხდის თამაშს რეალურს“, - ამბობს გივი ბერიძე.

თამაშიც რეალური ადამიანებით მიმდინარეობს, რომლებიც სწორედ ამ ჟილეტებით არიან აღჭურვილი. მოთამაშეს ტყვიის მოხვედრის შეგრძნება ჟილეტის ზუსტად იმ წერტილში ექნება, რომელშიც მეტოქე მოთამაშე ტყვიას მოარტყამს.

გივი ბერიძის თქმით, ეს ჟილეტი მსოფლიო ბაზარზე არსებული ჟილეტის გაუმჯობესებული ვერსიაა. ამ ეტაპისთვის მსოფლიო ბაზარზე არსებობს ტექნოლოგია, რომელსაც მხოლოდ სამი ცალი სენსორი აქვს.

„ჩვენი ჟილეტი მთლიანად სენსორებითაა დაფარული და შეგრძნებებსაც გიტოვებს. დღეს არსებული ჟილეტი კი მხოლოდ ანათებს. თავდაპირველად საქართველოს ბაზრით ვაპირებთ დაწყებას, მომავალში მსოფლიო ბაზარზე გასვლასაც ვგეგმავთ“, - განაცხადა ბერიძემ.

გუნდი ექვსი წევრისგან შედგება. სენსორული ჟილეტის პროექტზე ბიჭები უკვე 8 თვეა მუშაობენ. სტარტაპის დაფინანსების მოპოვებამდე გუნდი საკუთარი ხარჯებითა და სხვადასხვა გრანტებით ცდილობდა ჟილეტის პროტოტიპის შექმნას. სტარტაპების კონკურსში გამარჯვების შემდეგ გუნდმა 100 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიცია მიიღო. პირველ ეტაპზე გუნდი 20 ჟილეტს გამოუშვებს.

ლიკა ამირაშვილი