გაფუჭებული რობინ ჰუდი: ”უოლ სტრიტის მგლის” რეალური ისტორია

მარტინ სკორსეზეს ფილმი ”უოლ სტრიტის მგელი” უამრავმა კრიტიკოსმა ბოლო წლებში რეჟისორის საუკეთესო ნამუშევრად და ლეონარდო დი კაპრიოს საუკეთესო როლად მონათლა.

ფინანსისტ-თაღლითების ისტორიაში აირია სექსი, ნარკოტიკები და ფული. სიუჟეტი ჯორდან ბელფორტის მემუარებზეა დაფუძნებული, რომელშიც საბროკერო ფირმაში Stratton Oakmont თავის ვნებათაღელვით აღსავსე კარიერაზე მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა, რომ სკორსეზე და დი კაპრიო ფასიანი ქაღალდების მაქინაციებზე მეტად უსირცხვილო ჰედონიზმის დემონსტრირებით იყვნენ დაინტერესებული, ფილმში ზუსტად არის გადმოცემული ბელფორტის ერთ-ერთი პირველი გამოაშკარავება, რომელიც ჟურნალ Forbes-ის ფურცლებზე დაიბეჭდა. სტატიის ავტორმა როულა ჰალაფმა, რომელიც ამჟამად Financial Times-ის საერთაშორისო განყოფილების რედაქტორია, ბელფორტს ”გაფუჭებული რობინ ჰუდი“ უწოდა, რომელიც „მდიდარს ართმევს და საკუთარ თავსა და ბროკერების მხიარულ შანტრაბას აძლევს”.

23 წლის ასაკში ჯორდან ბელფორტი ერთი სახლიდან მეორეში გადადიოდა და ნიუ იორკის ლონგ-აილენდში ხორცსა და ზღვის პროდუქტებს ჰყიდდა, თუმცა გამდიდრებაზე ოცნება არასდროს მიუტოვებია. უკვე რამდენიმე თვეში მას სატვირთო გადაზიდვების ქსელი ჰქონდა, კვირაში 5 000 ფუნტი ხორცისა და თევზის მიწოდებას ახერხებდა. ბელფორტი ძალზედ სწრაფად ფართოვდებოდა, მაგრამ კაპიტალი არ ჰყოფნიდა. 25 წლის ასაკში „უოლ სტრიტის მგელმა“ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.

მოგვიანებით, ბელფორტმა უფრო ლიკვიდური საქონლის მოძიება დაიწყო და აქციები იპოვა. სტეიკები თუ აქციები - მიზანდასახული ბიზნესმენი დიდ განსხვავებას ვერ ხედავდა.

80-იანი წლების დასასრულს უოლ სტრიტის ვუნდერკინდი ”სანაგვე აქციების” გაყიდვებით გამდიდრდა: გაყიდვების ნამდვილმა გენიოსმა, თავად ისწავლა და მერე თავის ბროკერებს კომპანიიდან Stratton Oakmont ასწავლა, როგორ მიეყიდა დიდი პარტიებით ნებისმიერი ნაგავი მდიდარი კლიენტებისთვის.

ასე, მაგალითად, ერთხელ საინვესტიციო კომპანიით Nova Capital (შემდგომშიVisual Equities) დაინტერესდა, რომელსაც არცთუ სახარბიელო საქმიანი რეპუტაციის მქონე ინვესტორი აკონტროლებდა. 1989 წელს ბელფორტმა Nova-ს სერტიფიკატების დიდი პარტია შეიძინა - თითო 1 დოლარად. „გაფუჭებულმა რობინ ჰუდმა“ 2,50 დოლარიდან 2,75 დოლარამდე ღირებულების სერტიფიკატების დიდი ნაწილი გამოიყენა და ინვესტორებს თავიდან 5 დოლარად მიჰყიდა, დროთა განმავლობაში კი მათი ფასი 9 დოლარამდე ავარდა. იმის მიხედვით, თუ როგორ იზრდებოდა აქციების ფასი, ბელფორტი დარჩენილ სერტიფიკატებს იყენებდა და ქაღალდებს ყიდდა.

ამ და მსგავსი გარიგებების წყალობით, ბელფორტი, რომელიც იმ დროისთვის 30 წლისაც არ იყო, კვირაში თითქმის 1 მილიონ დოლარს შოულობდა. მაგრამ შედეგად, სწორედ ამ გარიგებებმა მიიყვანა ის ციხემდე: თაღლითობისთვის და ფულის გათეთრებისთვის 1998 წელს ბელფორტს 22-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

ციხეში ყოფნის დროს უოლ სტრიტის მგელმა ცხოვრება გადააფასა და ახალი, კანონიერი გზა იპოვა, როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება თავისი კრედოს მიხედვით. ”სიღარიბეში არავითარი ღირსება არაა. ღარიბიც ვიყავი და მდიდარიც. და ყოველ ჯერზე, ვამჯობინებ, ვიყო მდიდარი”, - ამბობდა ჯორდან ბელფორტი.

დღეს ბელფორტი ირჩევს, იყოს მდიდარი შემოსავლის რამდენიმე წყაროს წყალობით. პირველ რიგში, ის ცნობილი ბრენდების ბიზნეს-კონკულტანტია, მათ შორის ისეთების, როგორიცაა HSBC, Wells Fargo, The Metropolitan Life Insurance, Symantec. მეორეც, განაგრძობს აქციების შესყიდვას - ოღონდ, ამჯერად, საკუთარი აქციებით რისკავს და არა - სხვისი. და მესამეც, რა თქმა უნდა, ბელფორტი სწორხაზოვანი დარწმუნების ცნობილი სისტემის ავტორია, - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიზნეს-სპიკერია, რომლის გამოსვლები მუდამ ანშლაგით ტარდება.

”მე ნამდვილად განვავითარე საკუთარ თავში გაყიდვების ნიჭი - ყველა ბროკერზე ერთი თავით მაღლა ვიდექი. შემდეგ მივხვდი, რომ სხვებსაც უნდა ვასწავლო. დიახ, შესანიშნავი გამყიდველი ვარ, არ უარვყოფ, მაგრამ 10-ჯერ უკეთესი ვარ, როგორც ბიზნეს-ტრენერი. ვაღმერთებ სწავლის პროცესს, ეს მე შთამაგონებს - ავიყვანო ვინმე, ვისაც ცხოვრებისეული პრობლემები აქვს, ვისაც არ შეუძლია წარმატების მიღწევა და დავანახო, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე წარმატებამდე. ასწავლო საკუთარი სისტემით - დარწმუნების უნარით - და იცოდე, რომ ეს სამუდამოდ დარჩება ადამიანს, უდიდესი სიამოვნებაა”.

დუდანა ზაქარაია