მსოფლიოს ყველაზე ქველმოქმედი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 120-ე პოზიციაზეა

მსოფლიოს ყველაზე ქველმოქმედი ქვეყნების რეიტინგში საქართველომ 140 ქვეყანას შორის 120-ე ადგილი დაიკავა.

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Charities Aid Foundation-ის (CAF) 2016 წლის

რეიტინგში, პირველ ადგილზეა მიანმარი, რომელსაც აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია და შრი ლანკა მოსდევს.

ამავე რეიტინგში რუსეთმა 126-ე, ლატვიამ 113-ე, უკრაინამ 106-ე, ლიტვამ 124-ე, ბელორუსმა მე-100, ესტონეთმა 118-ე, პოლონეთმა 109-ე, სომხეთმა 130-ე, აზერბაიჯანმა კი 131-ე ადგილი დაიკავეს.

რეიტინგში ბოლო ადგილზე მოხვდა ჩინეთი, როგორც ყველაზე არაქველმოქმედი ქვეყანა.

Charities Aid Foundation-ის ანგარიშში 140 ქვეყანა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით არის შეფასებული: უცნობი ადამიანისთვის დახმარების გაწევა, ფულადი შემოწირულობა და მოხალისეთა აქტივობაში ჩართულობა.

„უცნობი ადამიანებისთვის დახმარების გაწევის“ კუთხით საქართველომ 140 ქვეყანას შორის 111-ე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე ერაყია, მეორეზე ლიბია, მესამეზე ქუვეითი, მეოთხეზე სომალი, მეხუთეზე კი არაბთა გაერთიანებული საემიროები. იაპონია 138-ე, კამბოჯა 139-ე, ჩინეთი კი ბოლო ადგილზეა.

ფულადი შემოწირულობის კუთხით, საქართველომ 128-ე ადგილი დაიკავა. პირველზე მიანმარია, მეორეზე ინდონეზია, მესამეზე კი ავსტრალიაა. ბოლო ადგილს იკავებს მაროკო, ჩინეთი 138-ე, იემენი კი 139-ე ადგილზეა.

მოხალისეთა აქტივობაში ჩართულობის კუთხით საქართველო 76-ე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე თურქმენეთი, მეორეზე მიანმარი, მესამეზე კი ინდონეზიაა. ჩინეთს 138-ე, ბოსნია ჰერცოგოვინას 139-ე, ეგვიპტეს კი ბოლო ადგილი უკავია.