საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

წინა თვესთან შედარებით, პირველი ოქტომბრისთვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 2.4 %-ით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი ოქტომბრისათვის 14.9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 346.3 მლნ ლარით ანუ 2.4 პროცენტით მეტია პირველი სექტემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ შეადგინა 1.6 პროცენტი).

სებ-ის ინფორმაციით, სექტემბერში წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 95.4 მლნ ლარით ანუ 1.2 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ შეადგინა 0.3 პროცენტი), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 250.9 მლნ ლარით, ანუ 4.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.4 პროცენტით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 30.81 პროცენტი შეადგინა - პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.02 პროცენტული პუნქტით მეტი.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.5 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.5 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.5 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.9 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.1 პროცენტი შეადგინა.