ალექსანდრე ჯეჯელავა არ გამორიცხავს, რომ სამინისტროების რაოდენობა შემცირდეს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა არ გამორიცხავს, რომ სამინისტროების რაოდენობა შემცირდეს.

ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან მოსალოდნელი ოპტიმიზაციის შესახებ ისაუბრა. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტში, განათლების მინისტრის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

"თავისთავად ის, რომ ახალი მთავრობა იქნება წარდგენილი პარლამენტის ახალ შემადგენლობაში, ფაქტია. რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, ჯერჯერობით ამაზე გადაწყვეტილებები მიღებული არ არის, თუმცა მე როგორც ვიცი, პრემიერი და მისი გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით. ასევე, საუბარი არის მთავრობის ოპტიმალური სტრუქტურის შესახებაც. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი გადამხდელების თანხები მაქსიმალურად ოპტიმალურად იქნას დახარჯული. ამიტომ ვფიქრობ, რომ თითოეულ უწყებაში შიგნითაც საჭიროა ამის მუდმივი გადახედვა, მათ შორის ჩვენთანაც, განათლების და მეცნიერების სფეროში და მთლიანად მთავრობის სტრუქტურაში", - განაცხადა ჯეჯელავამ.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა სამინისტროების რაოდენობის შემცირება, მინისტრი აცხადებს, რომ "პრინციპში შესაძლებელია".

"ჩვენ ვიცით ქვეყნები, სადაც ჩვენზე მეტი სამინისტროც არის და ქვეყნები, სადაც ჩვენზე ნაკლები სამინისტროა, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები არის ამ მხრივ საჭირო. ვფიქრობ, რომ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს ოპტიმიზაცია, თუმცა მუშაობის ტემპების დარღვევის გარეშე",- განაცხადა ჯეჯელავამ.