დღეიდან რადიო „პალიტრამ“ ბორჯომში მაუწყებლობა დაიწყო

რადიო „პალიტრამ“ დღეიდან ბორჯომში მაუწყებლობა დაიწყო, - ამის შესახებ  რადიო „პალიტრის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ვახტანგ მძინარაშვილმა განაცხადა.

„პალიტრა“ სტაბილურად მზარდი და განვითარებადი რადიოსადგურია. ამ 8 წლის განმავლობაში ჩვენი მაუწყებლობის არეალი ნელ-ნელა ფართოვდებოდა და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ახლაც გრძელდება. მინდა მივულოცო ბორჯომის მოსახლეობას, მათ დღეიდან, 28 სექტემბრიდან უკვე აქვთ შესაძლებლობა, უსმინონ რადიო „პალიტრას“ FM 103.9-ზე, გაიგონ მთავარი, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ; იყვნენ საქმის კურსში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული სიახლეების შესახებ და რა თქმა უნდა, მოუსმინონ სასიამოვნო, ხარისხიან მუსიკალურ ჰიტებს“, - განაცხადა ვახტანგ მძინარაშვილმა.

რადიო “პალიტრა” ეთერში 2008 წლის 17 აგვისტოს გავიდა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური რადიოს მიზანია, ობიექტურად და ოპერატიულად მიაწოდოს მსმენელს მისთვის საჭირო ინფორმაცია. მაუწყებლობის საერთო მოცულობა 24 საათია. რადიო „პალიტრის“ თემატური მიმართულებაა საინფორმაციო, საავტორო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და შემეცნებითი რადიოპროექტები.

ამ დროისთვის რადიო „პალიტრა“ უკვე მაუწყებლობს თბილისსა და მის შემოგარენში, გუდაურში და ბორჯომში.