2017 წლის ივნისისთვის  20 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის მშენებლობა დასრულდება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, რეგიონებში ძველი საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაციის პროცესი იწყება.

როგორც სამინისტროში განაცხადეს, მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ ცაგერის, ამბროლაურის, ონის, ქუთაისის, მარტვილისა და ტყიბულის სტადიონები დაათვალიერეს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სტადიონებზე არსებული მდგომარეობა შეაფასეს და მათი რეაბილიტაციისთვის შესაბამისი გეგმები დასახეს.

”ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით, მოედნები უეფას სტანდარტების მიხედვით მოეწყობა, რაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობას მისცემს, რეაბილიტირებულ სტადიონებზე საქართველოს უმაღლესი ლიგის მატჩების გარდა, ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო კატეგორიის შეხვედრებსაც უმასპინძლოს.

რეაბილიტირებული სტადიონების გარდა, 2017 წლის ივნისისთვის დასრულდება 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის მშენებლობა. სპორტული მოედნები სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მოეწყობა”, - აცხადებენ სამინისტროში.