ერთი ტომარა ფქვილი 13 ლარით გაიაფდა

ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასმა, გასულ წელთან შედარებით, 13 ლარით დაიკლო.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავამ განაცხადა, ფქვილის ფასის ვარდნა გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო.

„დღეს კი 1 ტომარა ფქვილი 32 ლარი ღირს, მაშინ როცა შარშან ამ დროს 45 ლარი ღირდა“, - ამბობს ლევან სილაგავა.

როგორც სილაგავა ამბობს, ფქვილის ფასის კლება ხორბლის დიდმა მოსავალმა გამოიწვია. შარშანდელთან შედარებით, მიმდინარე წელს ხორბლის მოსავალი 25 მილიონი ტონით მეტია.

„ხორბლის გაზრდილი მოსავლის კიდევ ერთი მიზეზი იყო ეგვიპტეში ხორბლის ექსპორტის მხრივ შექმნილი პრობლემები. ეგვიპტე ყოველწლიურად 10 მილიონ ტონა ხორბალს ყიდულობს. თუმცა, წელს ეგვიპტის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და ხორბალს, რომელსაც სოკოს დაავადება სჭირს, თუნდაც ნორმის ფარგლებში (ნორმა 0,05%-ია), ქვეყანაში არ უშვებს. სარისკო ქვეყნებში მან რუსეთიც შეიყვანა. ამან კი მსოფლიოში 10 მილიონი ჭარბი ხორბლის მოლოდინი გააჩინა“, - აღნიშნა სილაგავამ.

სილაგავას ვარაუდით, უახლოეს პერიოდში ფქვილის ფასი 32 ლარზე დაბლა აღარ დაიწევს. თუმცა, მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარეს უჭირს იმაზე საუბარი, იქონიებს თუ არა ეს გავლენას პურის ფასის შემცირებაზე.

გასულ წელთან შედარებით, საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ფასიც შემცირდა. კერძოდ, დღეისთვის ფოთის პორტში შემოტანილი 1 ტონა ხორბალი 183 დოლარი ღირს, გასული წლის სექტემბერში კი მისი ღირებულება 240 დოლარი იყო.

სილაგავას თქმით, საქართველოში ხორბლის შემოტანა ბოლო 4 წელია ძირითადად რუსეთიდან ხდება, რისთვისაც ქართული მხარე ყოველწლიურად 120-130 მილიონ დოლარს იხდის.

რაც შეეხება ადგილობრივ ხორბალს, მართალია წელს საქართველოშიც გაიზარდა მოსავლის რაოდენობა, თუმცა მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, აქედან სასურსათოდ მცირე გამოიყენება და ეს ხორბალი ბაზრის 10%-ზე მეტს ვერ ითვისებს.

თაია არდოტელი