დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში ტიხრული მინანქრის სკოლა-სახელოსნო ჩაერთო

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში ტიხრული მინანქრის სკოლა-სახელოსნო ჩაერთო. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განაცხადეს, დღეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტსა და შპს „ლეგენდარტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ ბეზარაშვილმა და შპს „ლეგენდას“ დირექტორმა მამუკა ჭოხონელიძემ. დღეისათვის, 12-მა ადამიანმა, მათ შორის ორმა შშმ პირმა, რომლებიც შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე იყვნენ რეგისტრირებულები, მხარდაჭერითი დასაქმების სპეციალისტების დახმარებით, კერძო კომპანიაში სტაჟირება სექტემბრიდან დაიწყეს.

სტაჟირება 2-3 თვეს გასტანს და ყველაზე წარმატებული 6 ადამიანი დასაქმდება, დანარჩენი ტრენინგის მონაწილეები კი ახალ შრომით უნარებსა და სპეციალობებს შეიძენენ. სახელმწიფო თითოეულ ამ პირს, რომელიც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადის სტაჟირებას, სტიპენდიის სახით, დაუბეგრავად, 150 ლარს გადაუხდის.

სამინისტროს ცნობით, კერძო კომპანია „ლეგენდარტ“ საგანმანათლებლო საქმიანობას 2003 წლიდან ეწევა, სადაც სრულყოფისა და პოპულარიზაციის მიზნით, ტიხრული მინანქრის სკოლა-სახელოსნო ფუნქციონირებს.

მარიამ ბეზარაშვილი ტიხრული მინანქრის სკოლა-სახელოსნოში იმ პირებს შეხვდა, რომლებიც მხარდაჭერითი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ადგილზე სტაჟირებას გადიან. მხარეები ურთიერთშეთანხმებით იღებენ ვალდებულებას, რომ კერძო კომპანია მონაწილეობას მიიღებს დასაქმების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში, ხოლო ვაკანსიის შემთხვევაში ინფორმაციას მიაწვდის სააგენტოს. თავის მხრივ, სააგენტო მოთხოვნისას უზრუნველყოფს ვაკანსიის/სტაჟირების შემთხვევებში პირობების შესაბამისი კადრების მოძიება/შერჩევას და დამსაქმებლისათვის მიწოდებას. ასევე მხარეები შეიმუშავებენ გეგმას, რომლითაც განისაზღვრება ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული ღონისძიებები.