""მინიატურების პარკის" მშენებლობაზე 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია არის დახარჯული"

მინიატურების პარკი ბევრ ქვეყანას არ აქვს და ეს არის მართლაც ფუფუნება,

- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ შეკვეთილში განაცხადა, სადაც ფონდ ”ქართუს” მიერ მინიატურების პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონიას დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა ამ საჩუქრისთვის ბიძინა ივანიშვილს და ფონდ ”ქართუს” მადლობა გადაუხადა. ”მინდა საქართველოს მივულოცო კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ობიექტი, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილის და ფონდ ”ქართუს” საჩუქარია. დარწმუნებული ვარ, ეს ადგილი გახდება ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის და რა თქმა უნდა ტურისტებისთვის”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, პარკის მშენებლობაზე 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია არის დახარჯული. როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, ეს არის ახალი ტურისტული მიმართულება. ”ეს პარკი არის ტურისტულ-რეკრეაციული დანიშნულების, ახალი ტურისტული მიმართულება, სადაც მინიატურულ განზომილებაშია წარმოდგენილი საქართველოს კულტურული, ისტორიული ძეგლები და სხვადასხვა ღირშესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობები. ამგვარი პარკები ბევრ ქვეყანას არ აქვს და ეს არის მართლაც ფუფუნება. იქ, სადაც ასეთი პარკებია, დიდი პოპულარობით სარგებლობს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ტურიზმისთვის, ტურისტების მოზიდვისთვის და ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი”, -განაცხადა კვირიკაშვილმა.