თბილისში 50-მდე ქუჩას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება

დედაქალაქის მასშტაბით 50-მდე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ბრიფინგზე განაცხადა.

დავით ნარმანიას თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური შეკეთების მიზნით 18 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი უკვე დასრულებულია, 13 ქუჩის რეაბილიტაცია მომდევნო კვირაში დაიწყება, დანარჩენი ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ეტაპობრივად. ნარმანიას განცხადებით, ჩატარებული ტენდერების მიხედვით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე გზების კაპიტალურ შეკეთებას კომპანია "ბლექ სი გრუპი" აწარმოებს და სამუშაოების ღირებულება 6 მილიონ ლარს შეადგენს, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ქუჩების კაპიტალურ შეკეთებას კი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია "არენამშენი", რომლის სამუშაოების ღირებულება 5 500 000 ლარია.

ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ უახლოეს 5 დღეში საგზაო სამუშაოები დაიწყება თბილისიდან კოჯრის მიმართულებით გზაზე, ასევე დაგეგმილია კოჯრის ცენტრალური მოედნის კაპიტალურად შეკეთება.

დავით ნარმანიას განცხადებით, ამ დროისთვის დედაქალაქის მასშტაბით საგზაო სამუშაოები 11 ქუჩაზე ხორციელდება. ნარმანიას ინფორმაციით, აგვისტო-სექტემბერში ქუჩების რეაბილიტაციის ინტენსიური სამუშაოების შემდეგ, ქალაქში გზების შეკეთების სამუშაოები დასრულდება. საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში განხორციელდება და საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს, რათა მძღოლებს არ შეიქმნათ საგზაო პრობლემები.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, 2015 წელს კაპიტალური საგზაო სამუშაოები განხორციელდა 384 000 მ.კვ. ფართობზე, ხოლო ორმოულის შეკეთება ჩატარდა 300 000 მ.კვ. ფართობზე. გეგმის ფარგლებში სულ 6 თვის მონაცემებით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან საგზაო მიმართულებაზე დაიხარჯა 27,4 მილიონი ლარი. სულ დედაქალაქის მასშტაბით კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა 50-ზე მეტ ქუჩას.