ჩინური კომპანიები საქართველოში ჩაის ინდუსტრიის აღდგენითა და განვითარებით არიან დაინტერესებული

„საპარტნიორო ფონდს“ საქართველოში ჩაის ინდუსტრიის აღდგენისა და განვითარების შესახებ საინვესტიციო წინადადებით ჩინეთის მსხვილი კომპანიები ეწვივნენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, ჩინური კომპანიები; Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd -ი და China Agricultural Science amd Technology Entrepreneurship and InnovationLeague The International Committee საქართველოში ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტის განხორციელების შესაძლებლობას საპარტნირო ფონდთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განიხილავენ.

მათივე ინფორმაციით, ფონდში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩაის მრეწველობის დარგში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს. ჩინურმა მხარემ საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს საქართველოში ჩაის წარმოების კომპლექსური, ინდუსტრიული ზონის შესახებ მსხვილბიუჯეტიანი ბიზნეს გეგმა და საინვესტიციო შეთავაზების დეტალები გააცნო.

შეხვედრაზე საქართველოში ჩაის ინდუსტრიის აღდგენისა და განვითარების შესახებ წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტის ფინანსურ მოდელზე იმსჯელეს. ჩინელი ინვესტორების მიერ წარმოდგენილი ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება და საქართველოში ჩაის პლანტაციის გაშენებას, მის გადამუშავებას, ჩაის მრეწველობის გაძლიერებას და ეკოტურიზმის განვითარებას მოიცავს.

როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, მხარეებმა საქართველოში ჩაის პლანტაციების აღდგენის, სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტური გამოყენების, ჩაის წარმადობისა და ხარისხის ამაღლების, რეგიონებში დასაქმების, ჩაის დარგვისა და მოვლის კულტურის ამაღლების და საქართველოში ჩაის მრეწველობის ინდუსტრიალიზაციის გაუმჯობესების საკითხზე გაამახვილეს ყურადღება. ჩინეთის მსხვილი კომპანიები საქართველოს ჩაის მასშტაბური განვითარებისა და მისი მრეწველობისთვის საუკეთესო პირობების მქონე ქვეყნად განიხილავენ.

საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი ამა წლის 11 მაისს საპარტნიორო ფონდს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ჩინურ კომპანიებს Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd. და Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd შორის გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია და ჩინეთის მთავრობის და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.