Die Welt -- საქართველოში დღეს კორუფცია ეუცხოებათ

"ქართული სასწაული თბილისის ცენტრიდან, კერძოდ კი „სოკოებიდან“ იწყება. სწორედ ასე ეძახის მოსახლეობა დედაქალაქის იუსტიციის სახლს, რომელიც მდინარე მტკვრის სანაპიროზეა გაშენებული", - წერს გერმანული გამოცემა Die Welt.

როგორც სტატიის ავტორი ედუარდ შტაინერი აღნიშნავს, ე.წ. „სოკოები“ საქართველოში თანამედროვე რეფორმების სიმბოლოდ იქცა.

„საქართველომ, რომელიც ყველა მხრიდან ავტორიტარული და მეტწილად მუსლიმური სახელმწიფოებით არის გარშემორტყმული, ნეგატიური მემკვიდრეობისგან გათავისუფლება შეძლო. კორუფცია, რომელშიც ერთ დროს პოლიცია, სასამართლო სისტემა და ქვეყნის ყველა ადმინისტრაციული ორგანო იყო ჩაფლული, დღეს აქ ეუცხოებათ. მაფიის წევრები, მათი გამოკლებით, ვინც ახლა ციხეშია, ქვეყნიდან გაიქცა. ხელისუფლებამ კი შეძლო ლიბერალური კანონმდებლობის შექმნა. მათ ესმით, რომ მხოლოდ ბიზნესი ქმნის ახალ ადგილებს და სწორედ ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ყველა დათმობაზე მიდიან ბიზნესთან. ასე მაგალითად, მათ,, ვისაც ახალი კომპანიის გახსნა უნდა, ამისთვის საჭირო პროცედურაზე სულ რაღაც 15 წუთი სჭირდებათ. 3-4 საათში კი ტელეფონზე მისული მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაიგებენ, რომ მათი ახალი კომპანია რეესტრშია რეგისტრირებული. მათ ასევე ავტომატურად ეხსნებათ საბანკო ანგარიში.

საქართველოში ასევე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გამჭვირვალობას. Finance Corporation-ის ბოლო ანგარიშში, საქართველოში კორუფციის დონე ფაქტობრივად ნულის დონეზეა“, - წერს სტატიის ავტორი.

გერმანული გამოცემის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ღვინის წარმოება ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა.

„საქართველოდან ღვინის ექსპორტი მსოფლიოს 44 ქვეყანაში ხდება და ყოველწლიურად იზრდება ექსპორტზე გატანილი ღვინის რაოდენობა. გარდა ამისა, მკვეთრად მატულობს ტურისტების რიცხვი ქვეყანაში“, - წერს სტატიის ავტორი.