"ლოგისტიკური ეფექტიანობის ინდექსში" საქართველო დაქვეითდა

"ლოგისტიკური ეფექტიანობის ინდექსში" საქართველომ 160 ქვეყანას შორის 130-ე ადგილი დაიკავა.

მსოფლიო ბანკის ანგარიშში, სახელწოდებით: „ურთიერთობების დალაგება კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით: სავაჭრო ლოგისტიკა გლობალურ ეკონომიკაში“ მოყვანილია 160 ქვეყნის მონაცემები სავაჭრო ლოგისტიკის ეფექტიანობის მაჩვენებლის მიხედვით. ქვეყნები შეფასებულია ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, მომსახურების ხარისხი, სასაზღვრო კონტროლის ეფექტურობა და სხვა.

საქართველოს პოზიციები ლოგისტიკის ეფექტიანობის შეფასების ყველა ძირითად კრიტერიუმში გაუარესდა, მათ შორის: საბაჟო და სასაზღვრო გაფორმების ეფექტიანობა; სავაჭრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხი და კონკურენტუნარიან ფასებში საერთაშორისო გადაზიდვების წარმოების სიმარტივე.

ანგარიშის თანხმად, პირველად 2007 წლიდან მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ლოგისტიკური ეფექტიანობის ზრდის ტემპი შენელდა, მაშინ როცა, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნები ლოგისტიკური ეფექტიანობის ამაღლებისკენ არიან მიმართული.

რეიტინგში პირველ ადგილზე გერმანიაა, ბოლო საფეხურზე კი სირია. მსოფლიო ბანკის ცნობით, ლოგისტიკის ეფექტიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების ტოპ-ათეული ბოლო 6 წლის განმავლობაში არ შეცვლილა და მასში, გერმანიის გარდა, მოხვდნენ ლუქსემბურგი, შვედეთი, ნიდერლანდები, სინგაპური, ბელგია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი და ჰონკონგი.

ანგარიშის თანახმად, ლოგისტიკის ეფექტიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ძირითადად იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ გააჩნიათ წვდომა ზღვასთან, ასევე მცირე კუნძულოვან სახელმწიფოებს ან ქვეყნებს, სადაც შეიარაღებული კონფლიქტები მოხდა.

როგორც მსოფლიო ბანკის ჯგუფის გლობალური პრაქტიკის ცენტრის უფროსი დირექტორი ანაბელ გონსალესი აღნიშნავს, ლოგისტიკის ეფექტურობას, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ვაჭრობაში, საკვანძო მნიშვნელობა აქვს ქვეყნების ეკონომიკური ზრდისთვის და კონკურენტუნარიანობისთვის, რადგან კომპანიებისთვის და ადამიანებისთვის უზრუნველყოფს წვდომას ბაზართან და შესაძლებლობებთან.