ქართული ხილი გერმანიაში ექსპორტზე გავიდა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიჩნიგაურში ხილის გადამამუშავებელი საწარმო „იბერია ფრუტსი“ ამოქმედდა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საწარმოს მფლობელმა კოტე ხუციძემ უთხრა, წარმოებული პროდუქცია მხოლოდ ექსპორტზე გავა.

მისივე ცნობით, 40 ტონა პროდუქცია გერმანიაში უკვე გაიტანეს.

„წარმოებული პროდუქცია მთლიანად გერმანიაში გაგვაქვს ექსპორტზე. 40 ტონა ხმელი პროდუქცია - ვაშლის ჩირი და სამკურნალო-მცენარეული ძირტკბილას ფესვები უკვე გავიტანეთ. გერმანიიდან იმხელა მოთხოვნა გვაქვს, რომ სხვა ქვეყნის კი არა, გერმანული ბაზრის მოთხოვნასაც ვერ ვაკმაყოფილებთ, ამიტომ პროდუქციის ექსპორტი მხოლოდ გერმანიაში მოხდება“, - აღნიშნა ხუციძემ.

მისივე განცხადებით, საწარმო, რომელშიც 14 ადამიანია დასაქმებული, წარმოების გაზრდას გეგმავს და რამდენიმე თვეში ექსპორტზე უკვე 120 ტონა პროდუქცია გავა.

„იბერია ფრუტსი“ ველური ვაშლის, ასკილის, ქაცვის და მოცვის საკვებ ჩირებს და სამკურნალო მცენარეებს აწარმოებს. საწარმო ნედლეულს ადგილობრივი მოსახლეობისგან იღებს.

საწარმოში ჯამურად 230 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 92 000 დოლარი სოფლის მეურნეობის გრანტია, 85 000 დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, 30 000 აშშ დოლარი USAID-ის დახმარება, ხოლო 23 ათასი დოლარი კომპანიის მფლობელთა ფინანსური თანამონაწილეობაა.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე

თაია არდოტელი