აჭარაში მოსახლეობამ ციტრუსის ახალი ჯიშების გაშენება დაიწყო

აჭარაში „ნარინჯისფერი რთველისთვის“ სამზადისი კარგა ხანია დაიწყო.

როგორც ფერმერები ამბობენ, მოსავალი კარგი აქვთ და იმედიანად არიან განწყობილნი. ამ ოპტიმიზმს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებიც იზიარებენ და იმედი აქვთ, რომ წლევანდელი სეზონი აჭარაში კარგად ჩაივლის.

ფერმერ თამაზ გოგიბერიძის თქმით, წელს აჭარაში ხეხილიც დიდი რაოდენობით მოვიდა, ციტრუსის პლანტაციებიც ჯანსაღ მდგომარეობაშია და ჯერჯერობით მოსავლით უკმაყოფილო არავინაა.

„8 000 მეტრზე მაქვს გაშენებული ხეხილი და ციტრუსები. ვფიქრობ, რომ ციტრუსისგან შარშანდელზე ბევრად მეტი შემოსავალი გვექნება. მოსავლის რეალიზაცია უკვე აღარ გვაშინებს, რადგან შარშან ჩვენს სოფლებში იდგა უზარმაზარი, 40-ტონიანი ტრაილერები და გლეხებისგან ციტრუსს იბარებდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგი უკან ცარიელი ბრუნდებოდა. ამბობენ, რომ წელსაც ასეთი მანქანები ჩამოდგება და ჩვენს მოსავალს ჩაიბარებს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ „ნარინჯისფერი რთველი“ წელს უფრო მოწესრიგებული და მობილიზებული იქნება, რადგან ერთდროულად რამდენიმე ციტრუსის გადამამუშავებელი კომბინატი მუშაობს. მაგალითად, ქობულეთში, ახალსოფელში, ამ რამდენიმე თვის წინ აშენდა უზარმაზარი ციტრუსის გადამამუშავებელი კომბინატი, რომელიც პროდუქციას ჩაიბარებს და მისგან წვენებს აწარმოებს“, - ამბობს თამაზ გოგიბერიძე.

მისი თქმით, გასულ წლებში ციტრუსებს თოვლი და ყინვა აზიანებდა, ამიტომ მოსახლეობა თანდათან გადადის ახალ, საადრეო ჯიშებზე, რომელიც ჩაქვის საცდელ მეურნეობაში უკვე გამოსცადეს.

„ეს ახალი ჯიშები საადრეოა და ერთი თვით ადრე იკრიფება, რის გამოც მოსავალს ყინვა და თოვლი ვეღარ დაგვიზიანებს. ამ ჯიშებს კიდევ ერთი უნიკალური თვისება აქვს - მათი ნაყოფი მალფუჭებადი არ არის“, - აღნიშნავს თამაზ გოგიბერიძე.

ახალი ჯიშების უპირატესობაზე გვესაუბრა ქობულეთის მკვიდრი ნუგზარ ჟორდანია:

„უკვე გაშენდა „უნშიუს“ ჯიშის მანდარინის პირველი ნაკვეთები. ეს ჯიში დაახლოებით ერთი თვით ადრე შემოდის და ფერმერებს იმ დანაკარგისგან იცავს, რომელსაც თოვლი და ყინვა აყენებდა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ „უნშიუ“ ერთი თვით ადრე მოდის, სანამ თოვლის და ყინვის სეზონი დადგება. მისი წყალობით მოსავლის აღებას უდანაკარგოდ შევძლებთ. არავინ დავობს, რომ ძველ ჯიშებს ახალი უნდა ჩაენაცვლოს უკვე ამორტიზებული პლანტაციების შეცვლის ხარჯზე. 70-80 წლის წინ გაშენებულ პლანტაციებს განახლება სჭირდება, თანაც, ახალ ნერგებს ყოველთვის უფრო საღი და უკეთესი მოსავალი აქვს“.

„ბიზნესპრესნიუსი“ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს - ლაშა კომახიძესაც დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ „ნარინჯისფერი რთველისთვის“ თითქმის ყველაფერი მზად არის:

„პირველი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ 50 ათასი ტონა ციტრუსის მოსავალს ველოდებით. აქედან დაახლოებით 30 ათასი ტონა საექსპორტო დანიშნულებისა იქნება, ხოლო 10-12 ათასი ტონა იქნება გადასამუშავებელი ანუ საწარმოო დანიშნულების ციტრუსი, რომელსაც ხალხი არასტანდარტულს ეძახის. აჭარაში ორი დიდი ქარხანა მუშაობს, ერთი უკრაინული ინვესტიციით არის აშენებული, ხოლო მეორე - თურქულით და მათ გაცილებით მეტი პროდუქციის გადამუშავება შეუძლიათ. ამიტომ, ე.წ. არასტანდარტული მანდარინი წელს დეფიციტიც იქნება, რადგან ეს ორი ქარხანა დასამზადებელ ნედლეულს ვერ იყოფს. გარდა ამისა, აჭარაში 40-მდე მსხვილი და შედარებით მცირე გადამამუშავებელი საწარმო ფუნქციონირებს. სამ მათგანს აქვს საშუალება დაახლოებით 5-5-ათასი ტონა საექსპორტო ციტრუსი დაამზადოს და გადაამუშაოს. დანარჩენები არიან მცირე ზომის შემფუთავი და გადამამუშავებელი საწარმოები - ყველა ეს საწარმო სრულად არის მზად ციტრუსების ჩასაბარებლად“, - აღნიშნავს ლაშა კომახიძე.

ლაშა კომახიძის თქმით, წელს განსაკუთრებით დიდი იქნება ციტრუსზე მოთხოვნა რუსეთიდან, თუმცა სხვა ქვეყნების იმედიც აქვთ.

„ჩვენი ვარაუდით, ციტრუსის მნიშვნელოვან ნაწილს წელს რუსეთის ბაზარი წაიღებს, თუ რაიმე სერიოზულ პოლიტიკურ რყევებს არ ექნება ადგილი. სამინისტროდან ჩვენი ჯგუფები გვყავს გაგზავნილი რამდენიმე ქვეყანაში: ერთი ჯგუფი უკვე ამთავრებს მუშაობას უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსში და ბალტიის ქვეყნებში. ქართული ციტრუსის შეძენის სურვილს ასევე გამოთქვამენ ყაზახეთსა და უზბეკეთში“, - აცხადებს ლაშა კომახიძე.

ხათუნა ჩიგოგიძე