"შიდა ტურიზმის სფეროში პოტენციალს ბოლომდე ვერ ვიყენებთ"

ტურიზმის სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება შიდა ტურიზმია.

კარგად განვითარებული შიდა ტურიზმი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რის გამოც შიდა ტურიზმი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ხელსაყრელი მიმართულებაა.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, შიდა ტურიზმს საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს მიმართულება გააქტიურდეს და განვითარდეს.

"შიდა ტურიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონებისთვის. ის ეხმარება მაღალმთიან რეგიონებს, რომ იქ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას და მთაში მცხოვრებ მოსახლეობას შემოსავლის წყარო გაუჩნდეს. რაც ყველაზე მთავარია, სწორედ ტურისტები უნარჩუნებენ სიცოცხლეს მაღალმთიან რეგიონებს. სასიხარულოა, რომ შიდა ტურიზმი ჩვენს ქვეყანაში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. მაგალითად: 2016 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში 2,5 %-ით მეტი შიდა ვიზიტი განხორციელდა და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება", - აღნიშნავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი შიდა ტურიზმში არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.

"თუ 10 წლის წინანდელ მონაცემებს შევადარებთ, შიდა ტურიზმი საქართველოში მართლაც ძალიან განვითარდა და წინ წავიდა: ჩვენი მოქალაქეები უფრო ინტენსიურად მოგზაურობენ ქვეყნის შიგნით, როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის კურორტებზე. ყველამ ვიცით, რომ ჩვენს კურორტებზე დამსვენებელთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ გვაქვს ულამაზესი ეროვნული პარკები, რომელიც თითქმის მიტოვებული და გამოუყენებელია - იქ ძალიან ცოტა ხალხი დადის. სამწუხაროდ, ჩვენს პოტენციალს ამ სფეროში ბოლომდე ვერ ვიყენებთ, იგივე უნდა ითქვას სალაშქრო და სამთო ტურიზმზეც. ჩვენი პოტენციალი ამ მიმართულებითაც გამოუყენებელია - ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. იმისათვის, რომ შიდა ტურიზმი სრულყოფილად მომავალში მაინც განვითარდეს, ამ ადგილების პოპულარიზაციაა საჭირო. ავიღოთ თუნდაც კლდეზე ცოცვა, ამდენი მდინარე და კლდე გვაქვს. ამ მიმართულების განვითარება შესაძლებელია და ამის დასტურია ის, რომ რაც კარგი გვაქვს - მდინარეები თუ დასასვენებელი ადგილები, ყველაფერი დატვირთულია. ამავე დროს, ვერ ვიყენებთ თბილისის ზღვას და ულამაზე ტბებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა. ბოლომდე გამოუყენებელია საქართველოში არსებული უნიკალური ადგილები, რომლებიც თავისი სილამაზით ყველას აოცებენ", - ამბობს ია თაბაგარი.

მისი თქმით, თუ ასეთ ადგილებში გამართული ინფრასტრუქტურა იქნება, შიდა ტურიზმის შემოსავალი ერთიორად მოიმატებს.

"თუ მოგზაურობის მოყვარულებს წასასვლელი ექნებათ, ყველგან კარგად წავლენ. ხალხი მიდის პრომეთეს მღვიმეში, ოკაცეს კანიონში, მარტვილის კანიონში, რომელიც ბოლო ხანებში მოწესრიგდა და დასუფთავდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ როდესაც ტურისტულ ობიექტებში ინფრასტრუქტურა უმჯობესდება, როდესაც იქ პირობები იქმნება, მნახველებიც რაოდენობაც მატულობს. სხვათა შორის, წელს უფრო მეტი ხალხი ჩავიდა ლაგოდეხში... ეს მაგალითებიც ადასტურებს, რომ შიდა ტურიზმის პოტენციალს ბოლომდე მართლაც ვერ ვიყენებთ“ - აცხადებს საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

ია თაბაგარის თქმით, საბოლოოდ მაინც ყველაფერი ფულთან და ოჯახის ბიუჯეტთან არის დაკავშირებული.

"იქ, სადაც ხალხს საკმარისი შემოსავალი აქვს, მის ნაწილს მოგზაურობაში ხარჯავს. შესაბამისად, რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, მით უფრო მეტი შემოსავალი აქვს შიდა ტურიზმისაგან. ჩვენს მოსახლეობასაც, საშუალება რომ ჰქონდეს, იმოგზაურებდა. ბევრს ოცნებად აქვს გადაქცეული საქართველოს ერთი კუთხიდან მეორეში წავიდეს და დაათვალიეროს - თუშეთი იქნება ეს, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, თუ ჩვენი სამშობლოს სხვა ულამაზესი ადგილები. ამ პატარა ქვეყანაში მოქალაქეები ძალიან ბევრ ადგილას არ არიან ნამყოფი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სურვილი არა აქვთ. უსახსრობას ემატება ტრანსპორტის პრობლემა და გაუმართავი, მოუწესრიგებელი გზები. თბილისის ავტოსადგურებიც კი მოუწესრიგებელია და რეგიონებზე რაღა უნდა ვთქვათ? - იქ კიდევ უფრო რთული სიტუაციაა. ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით ვიტყვი: სვანეთში მივდიოდი და თანამედროვე, ნორმალური მიკროავტობუსი ვერ ვიპოვე, რომელიც ზუგდიდან მესტიამდე ამიყვანდა. არადა, სვანეთი უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს ერთნაირად იზიდავს. პირველ რიგში ამ პრობლემებს უნდა მივხედოთ და თუ ხალხს ეცოდინება, რომ კომფორტულად იმგზავრებს, ადგილზე მშვიდად მივა და კარგად დაისვენებს, რატომაც არა? - წავა და იმოგზაურებს, იმ უნიკალურ ადგილებს ნახავს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბლომად გვაქვს. სამწუხაროდ, ამას დღეს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ვერ ახერხებს", - ამბობს ია თაბაგარი.

ხათუნა ჩიგოგიძე