პროფესიონალი მზარეულების მიერ დაწყებული ბიზნესის დეტალები, სირთულეები და პერსპექტივა

სხვადასხვა რესტორანში მუშაობის შემდეგ, ოთხმა შეფ-მზარეულმა საკუთარი ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა.

საწყის კაპიტალს ”საკუთარი ჯიბეებიდან” მოუყარა თავი და საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს თუ ადგილობრივებს საკმაოდ პოპულარული პროდუქტი შესთავაზა. უკვე ერთ წელზე მეტია, ”Burger House Tbilisi” სტუმრებს ბურგერების რამდენიმე სახეობას სთავაზობს და განსაკუთრებულ მოწონებასაც იმსახურებს.

”მე ბიზნესმენი არ ვარ, ვარ პროფესიონალი მზარეული. კარგი ტენდენცია იქნება თუ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაიწყებს იმ ბიზნესის კეთებას, რა სფეროშიც გამოცდილება აქვს. ჩვენ ვართ მზარეულები და დავიწყეთ საქმიანობა სარესტორნო ბიზნესში და არა, მაგალითად, სამშენებლო ბიზნესში. როდესაც შენ რაღაც სფერო იცი და გულით გინდა ამ მიმართულებით ბიზნესი აწარმოო, ეს ლოგიკურია. მთავარი საიდუმლო ის არის, რომ ფულზე არ ფიქრობ და შენთვის პრიორიტეტი ხარისხიანი პროდუქტის მიღებაა”, - ამბობს ”ბურგერ ჰაუსის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი იოსავა და ”ბიზნესპრესნიუსს” ”ბურგერ ჰაუსის” ისტორიას უყვება:

საწყისი კაპიტალი და პირველი ნაბიჯები:

”მე ვარ შეფ-მზარეული. ვმუშაობდი რესტორანში ჩემს გუნდთან, 4 მზარეულთან ერთად, რომლებიც ასევე შეფები არიან. გადავწყვიტეთ, სხვა უფროსებისთვის მუშაობა შეგვეწყვიტა და ჩვენი რესტორანი გაგვეკეთებინა. ასე გაჩნდა ”ბურგერ ჰაუსი”. ეს იყო 2015 წელი. თავიდან მხოლოდ ჩვენ ვმუშაობდით, თანამშრომლები არ გვყავდა. საწყისი კაპიტალი იყო იმდენი, რამდენიც ჯიბეში გვქონდა. სესხი არ აგვიღია. ვისაც რამდენის საშუალება ჰქონდა, შევაგროვეთ. თანხამ, დაახლოებით, 18 ათასი დოლარი შეადგინა.

ბიზნესის კეთებაში, ყველაზე მეტად, ამ სფეროში ჩვენი გამოცდილება დაგვეხმარა. დაახლოებით ვიცით ამ ბიზნესში კონიუნქტურა. ვიცით, რაზეა თბილისში მოთხოვნა. პლუს, ჩვენი საქმის პროფესიონალები ვართ. ბაზარს ვიცნობდით. სხვადასხვა რესტორანში ვმუშაობდით, სხვის შეცდომებზე ვსწავლობდით. ასევე, გამოვიყენეთ სხვისი წარმატების მაგალითები.

ბურგერი მსოფლიო ბრენდია, ძალიან მოდაშია ”სტრიტ ფუდი”. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესტორნის მახასიათებელი მონო პროდუქტია. ეს ნიშნავს, რომ რესტორანში მთელი კონცეფცია ერთ კერძზეა აწყობილი: აკეთებთ ერთ კერძს, მაგრამ აკეთებთ ძალიან ხარისხიანად. არ გაქვს დიდი მენიუ, სხვა რესტორნების მსგავსად. ჩვენ ვამზადებთ მხოლოდ ბურგერებს. ჩვენ ვაცხობთ დაახლოებით, 5 სახეობის პურს, გვაქვს რამდენიმე დასახელების ბურგერი”.

შეცდომები, როგორც განვითარების წინაპირობა: ”დამოუკიდებლად ვაკეთებთ ბიზნესს. გარკვეულ შეცდომებს ვუშვებთ, მაგრამ ეს არ არის ისეთი შეცდომები, რომ გავკოტრდეთ. ასე ვსწავლობთ და დარწმუნებული ვარ, შემდეგი პროექტი უფრო წარმატებული იქნება. ძალიან კარგად ვიყავი სამსახურში, მაღალი ხელფასი მქონდა, მაგრამ მინდა საკუთარ თავზე ვიმუშაო და ეს მსიამოვნებს. დამლაგებლად რომ ვარ, მრეცხავად, მიმტანად - მსიამოვნებს იმიტომ, რომ ვიცი, ეს ჩემია და სხვანაირად ვაფასებ ამ ყველაფერს. განათლებით იურისტი ვარ. სხვადასხვა პროფესიის ხალხია, ვინც შემდეგ მზარეული გახდა. ბიზნესის თვალსაზრისით გამოცდილება არავის აქვს. ნელ-ნელა ვსწავლობთ. ბუღალტერი გვყავს, მაგრამ ახლა ვცდილობთ, ბუღალტერიაც ვისწავლოთ. ამჟამად 4 თანამშრომელი გვყავს. დიდი ბიზნესი არ არის, მაგრამ ჩვენთან ერთად, სხვებიც დავასაქმეთ, რადგან ხალხი გვჭირდება.

”ფასთ ფუდი” ნატურალური, ახალი პროდუქტებით: ”მაქსიმალურად ვცდილობთ ადგილობრივი ფერმერების პროდუქცია გამოვიყენოთ. რასაც აქ არ აწარმოებენ, იმპორტს ვახორციელებთ. როცა ვპოულობთ ფერმერებს, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ამზადებენ, ფასს მნიშვნელობა არ აქვს, ვცდილობთ შევიძინოთ. ბურგერი ასოცირდება ”ფასთ ფუდთან”. ჩვენი ბურგერი კვების არც ისე სწრაფი საშუალებაა და მაქსიმალურად ნატურალური, ახალი პროდუქტებისგან მზადდება.

თუ შეკვეთები არ არის და დატვირთვა ნაკლებია, ერთი ბურგერის დამზადებას 10 – 15 წუთი სჭირდება. პროცესი ჩვეულებრივია, ხორცი იწვება, პური იხუხება, უნდა წაესვას სოუსები, რომლებსაც ჩვენ თვითონ ვამზადებთ ადგილზე და ა.შ. ”

bpn

ამერიკელი ტურისტების მოულოდნელი შეფასება: ”ჩვენი რესტორანი პუშკინის 25 ნომერშია. ჩვენი სტუმრების 60% - ს ტურისტები შეადგენენ. დიდი რესტორანი არ არის, სულ 5 მაგიდა გვაქვს, მაგრამ საკმაოდ დატვირთულები ვართ. უცხოელებს ძირითადად, აინტერესებთ, საერთაშორისო ბრენდია თუ არა. უკვირთ, რომ ქართული ბრენდია. ამერიკელები იყვნენ რამდენჯერმე და აღნიშნეს, რომ ამერიკაშიც არ უჭამიათ ასეთი გემრიელი ბურგერი. ტურისტებს როცა გლობალური საკვები სურთ, ჩვენთან მოდიან და ძალიან კმაყოფილები რჩებიან”.

ბიზნესის წარმოება საქართველოში და პრობლემები: ”ჩვენ ყველა სირთულე გადავლახეთ, უფრო ძლიერები გავხდით. საქართველოში მარტივია ბიზნესის კეთება. არავინ გიშლის ხელს. ვფიქრობ, ყველა უნდა ჩაერთოს ბიზნესში. ერთი პრობლემაა, არაადეკვატურად მაღალია თბილისში ფართის ქირა (რესტორნის ფართი ნაქირავები გვაქვს). ვიღაც ერთხელ შეიძენს ფართს და ფიქრობს, რომ ამით უნდა იცხოვროს წლების განმავლობაში”.

#წარმატებაგადამდებია: ”გვინდა, მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენს შესახებ. გვსურს უფრო ხმამაღლა ვთქვათ - ჩვენ ვარსებობთ! სწორედ ამიტომ ჩავერთეთ თიბისის პროექტში, რომლის მთავარი გზავნილია ”გააზიარეწარმატება და ”წარმატებაგადამდებია.

”Burger House Tbilisi” და პერსპექტივა:

”10 წლის შემდეგ ”ბურგერ ჰაუსი” ისევ უნდა არსებობდეს და იყოს კარგი ლოკაცია თბილისში, სადაც ხარისხიანი, გემრიელი ბურგერის მირთმევას შეძლებთ. ჩვენ არ ვგეგმავთ მაგიდების დამატებას, გაფართოებას. ჩვენთვის მთავარია ხარისხი. ერთი რესტორანი გვაქვს. ახლო მომავალში მეორე რესტორნის გახსნას ვაპირებთ. მაგრამ ეს არ იქნება კოპირება. არ ვაპირებთ ქსელის გაკეთებას. შემდეგი კონცეფცია აუცილებლად იქნება ქართული, ისევ მონო. ჩვენ გვინდა ბევრი პატარა რესტორანი გავაკეთოთ, სხვადასხვა კონცეფციით”.