დაცულია თუ არა სახანძრო უსაფრთხეობის ნორმები საქართველოში

სახანძრო უსაფრთხოება, ევაკუაციის გეგმა და ტრენინგი ხანძრის დროს ევაკუაციის შემთხვევაში

- სახანძრო უსაფრთხოების ის აუცილებელი წესებია, რომელიც სასტუმროებში, რესტორნებში, ოფისებში, გასართობ, დასასვენებელ კომპლექსებსა და ზოგადად საზოგადოების თავშეყრის ადგილებში დასაქმებულმა პერსონალმა ზედმიწევნით უნდა იცოდეს, რათა დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე მომხმარებლის უსაფრთხოება. სამწუხაროდ, ხშირად გვხვდება შემთხვევები, როცა კომერციულ დაწესებულებებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, განსაკუთრებით კი კვების ობიექტებში უსაფრთხოებისთვის აუცილებელი წესები უგულვებელყოფილია, ამიტომ გადავწყვიტეთ რამდენიმე აუცილებელი პირობა შეგახსენოთ, რომელიც თქვენც დაგიცავთ, თქვენს ბიზნესსაც და მომხმარებელს.

როგორ დავიცვათ სახანძრო უსაფრთხოება?

1. შენობაში, ყველა სართულის გასასვლელთან, აუცილებლად უნდა იდგას ცეცხლმაქრი.

ის მოთავსებული უნდა იყოს სპეციალურად გამოყოფილ, ჩაკეტილ სათავსოში, რომლის მინაც იქნება გამჭვირვალე და დამზადებული სპეციალური მასალით, რომელის დარტყმისას ისე იმსხვრევა, რომ ხელს არ აზიანებს. ასევე მინაზე აღნიშნული უნდა იყოს დარტყმის წერტილი.

ცეცხლმაქრი ბალონები გარკვეული პერიოდულობით უნდა დაიტენოს, რადგან

მასში მოთავსებული ქიმიური ნივთიერება, განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ცეცხლზე მოქმედების ეფექტს კარგავს.

დაკვირვებული თვალი შენიშნავდა, რომ კერძო დაწესებულებების 90%-ს მსგავსი კუთხე არ აქვს მოწყობილი შენობაში, დანარჩენი 10 %, სადაც ცეცხლმაქრისთვის მოწყობილ კუთხეს შეიძლება გადააწყდეთ ძირითადად საავადმყოფოები და სხვა სამკურნალო დაწესებულებებია.

2. ცეცხლმაქრის გარდა აუცილებელია შენობის ყველა სართულზე, სპეციალურად მოწყობილ სათავსოში, მოთავსებული იყოს სახანძრო სახელური და ლულა, რომელიც მიერთებული იქნება წყლის უწყვეტ ნაკადზე. აღსანიშნავია, რომ წყლის ეს მილი არ უნდა იყოს გამოყენებული ნებისმიერი სხვა დანიშნულებით, გარდა აღნიშნულ სახელურში წყლის მიწოდებისა. თუმცა, დაკვირვება გვაჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევაში შენობებში არ არსებობს ზემოთ მოყვანილი არც ერთი მოწყობილობა, ხოლო იქ, სადაც დამონტაჟებულია, ძირათადად სულ სხვა დანიშნულებით იყენებენ.

ევაკუაციის გეგმა:

შენობის ყველა სართულზე, კიბესთან და თვალსაჩინო ადგილას უნდა ეკიდოს შენობიდან ევაკუაციის გეგმა, სადაც ისრებით აღნიშნული იქნება უახლოესი გასასვლელები, ასევე არის ცეცხლმაქრის და სახანძრო სახელურის განთავსების ადგილები. სამწუხაროდ, არც ევაკუაციის გეგმა გვხვდება დღეს შენობების უმეტესობაში. მცირე ნაწილს ასეთი გეგმა კი მხოლოდ შენობის შესასვლელში, პირველ სართულზე აქვს განთავსებული.

ტრენინგი ხანძრის დროს ევაკუაციის შემთხვევაში:

ასეთი სწავლება უნდა ტარდებოდეს სამ თვეში ერთხელ და რა თქმა უნდა, მოულოდნელად. ხომ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება მოხდეს, დღეს რომ მოულოდნელად რომელიმე, თუნდაც მაღალი კლასის სასტუმროში სახანძრო განგაშის სიგნალი ჩაირთოს. იქ მყოფთა უმეტესობა, რა თქმა უნდა, დაიბნევა და პანიკაში ჩავარდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ასეთი დაწესებულებების უმეტესობას არ ჰყავთ სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქტორი, რომელიც ტრენინგს ჩაუტარებდა თანამშრომლებს და აუხსნიდა, როგორ უნდა მოიქცნენ სახანძრო განგაშის დროს, რა საშუალებით მოახდინონ მცირე ხანძრის ლიკვიდაცია შენობაში და ა.შ.

სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქტორს ასევე ევალება მუდმივ წესრიგში ჰქონდეს ხანძრის ქრობის საშუალებები და მეხანძრე-მაშველებს მისვლისთანავე წარუდგინოს შენობიდან ევაკუაციის გეგმა, აჩვენოს შენობაში არსებული ცეცხლსაშიში, ფეთქებადი ან ქიმიური ნივთიერებები ადგილმდებარეობა. მაგალითდ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის მრავალ ქვეყანაში ბავშვებს სკოლიდანვე ასწავლიან სახანძრო უსაფრთხოებას და ევაკუაციის აუცილებელ წესებს. ჩვენთან კი ზოგჯერ ზრდასრული ადამიანები ვერ ხვდებიან შენობებში სახანძრო უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას, რაც ხშირად სამწუხარო შედეგით სრულდება.