როგორ გავარჩიოთ ძვირად ღირებული ბრენდი იაფფასიანი ორეულისგან

რა უნდა ვიცოდეთ, როცა ლუი ვიტონის ჩანთას ვყიდულობთ.

იმის გასარკვევად, ორიგინალია თუ არა ესა თუ ის ნივთი, რომელიც მაღალი მოდის ბრენდების სახელით იყიდება, არ არის საჭირო ვიყოთ ექსპერტები. ყოველ ბრენდს აქვს თავისი ნორმები და  მნიშვნელოვანი, თუმცა ერთი შეხედვით შეუმჩნეველი დეტალები. მათი ცოდნა საშუალებას მოგცემთ, ადვილად გაარკვიოთ ფალსიფიცირებულია თუ ავთენტური ნივთი, რის შეძენასაც აპირებთ.

დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ “ლუი ვიტონის” ყველაზე ცნობილ აქსესუარზე, კერძოდ, ჩანთებზე.

თუ ყიდვის მომენტში  არ იმყოფებით “ლუი ვიტონის” მაღაზიაში, მოკალათებული კომფორტულ სავარძელში და თქვენთვის სასურველი სასმელის თანხლებით არ ყიდულობთ  ჩანთას, რომლის არჩევაშიც მხოლოდ თქვენზე მომაგრებული, სულ მცირე ოთხ ენაზე მოსაუბრე გამყიდველი გეხმარებათ,  მაშინ ყველანაირი უფლება გაქვთ, ეჭვი შეიტანოთ შემოთავაზებული ნივთის ავთენტურობაში.

როგორ მოვიქცეთ, როცა “ლუი ვიტონის”  ფირმის ჩანთის ყიდვას გვთავაზობენ?

პირველი, რაც უნდა მოითხოვოთ, არის ჩეკი. ადამიანს, რომელიც გთავაზობთ იყიდოთ   ნივთი, სულაც არ უნდა  ეუხერხულებოდეს გაჩვენოთ  შეძენის დამადასტურებელი ეს ყოვლად რუტინული საბუთი, ვინაიდან ფასის დაფარვას არანაირი აზრი არ აქვს - ამ ბრენდის საიტზე თქვენ უჩეკოდაც გადაამოწმებთ ამა თუ იმ მოდელის ფასს. “ჩეკი დავკარგე” უფრო ”საშინაო დავალება სახლში დამრჩა”-ს ჰგავს.

თუ ჩეკი გაჩვენეს, დააკვირდით, ვინ გასცა:  უნდა ეწეროს აუცილებლად “ლუი  ვიტონის” საიდენტიფიკაციო კოდი. Privacy-დან გამომდინარე  კოდს აქ არ ვწერ, მაგრამ მისი მოძიება ნებისმიერ  მსურველს შეუძლია ბრენდის საიტზე.

გაითვალისწინეთ აგრეთვე, რომ ამ ბრენდის ჩანთის ფასები იწყება 650 ევროდან. ვიტონი არასოდეს აკეთებს 10-15%-ზე მეტ ფასდაკლებას და არ აქვს „აუთლეტები“, აქვს მხოლოდ სამარკო მაღაზიები, რომელთა სიაც ბრენდის საიტზე შეგიძლიათ იხილოთ.  შესაბამისად, ყველაზე იღბლიანი მყიდველი, ყველაზე იღბლიანი ფასდაკლების დღეს და ყველაზე პატარა ზომის ჩანთასაც კი 550 ევროზე ნაკლებად ვერ იყიდის. შესაბამისად, ამ თანხაზე ნაკლებ ფასად გასაყიდი ვიტონის ჩანთა არ შეიძლება ორიგინალი იყოს.

bpnპირველი, რასაც “ლუი ვიტონის” ყიდვისას უნდა მიაქციოთ ყურადღება, თვითონ ფირმის ლოგოა: აქ L და V ერთიდაიგივე ზომის უნდა იყოს, მაგრამ  V,  L-თან შედარებით,  ოდნავ უფრო ზევით უნდა იყოს აწეული. იხ. სურ. 1.

bpn

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ორიგინალ ნივთზე  ბრენდის მონოგრამა ჩანთის არცერთ ნაწილში არ უნდა იყოს წაჭრილი ან ჩაკერილი, როგორც ამას სურ. 2-ზე ვხედავთ. მოჭრილი ლოგო ფალსიფიკაციის ერთ-ერთი მთავარი მაჩენებელია.

ძაფით ნაკერი უნდა იყოს სიმეტრიული, ერთგვაროვანი და ე.წ. “ხვეულების” გარეშე. გარდა ამისა, „ბეჟი“ ფერის ტყავის შემთხვევაში “ლუი ვიტონი” იყენებს მხოლოდ და მხოლოდ ყვითელ ძაფს, ხოლო მუქ ტყავთან, ძაფის ფერი აბსოლუტურად უნდა ემთხვეოდეს ტყავის ფერს. იხ. სურ. 3

bpn

ჩანთას სარჩულში უნდა ჰქონდეს შიდა, რბილი,  ტყავის იარლიყი, რომელზეც გრავირებული უნდა იყოს შემდეგი: Louis Vuitton Paris Made in France. ოდესღაც, “ლუი ვიტონი” პროდუქციას მხოლოდ საფრანგეთში ამზადებდა, დღესდღეობით კი მისი ფაბრიკები არის აგრეთვე ესპანეთში, აშშ-ში, გერმანიასა და იტალიაში. შესაბამისად, თუ იარლიყზე რომელიმე ეს ქვეყანა თუ წერია France -ს ნაცვლად, ეს არ ნიშნავს, რომ ნივთი ორიგინალი არ არის.  რაც შეეხება ფალსიფიცირებულ ჩანთებს, მათ შიდა იარლიყი  საერთოდ არ აქვთ, თუმცა, შეიძლება შეგხვდეთ ნეილონის, ან უკეთეს შემთხვევაში, დერმატინის იარლიყები.

ნებისმიერი მეტალი, მათ შორის ბრენდის ლოგო, რგოლები, საკეტები და ა.შ. მზადდება მოოქროვილი თითბერისაგან. ამიტომ, საკმაოდ მძიმეა. ფალსიფიცირებულ ჩანთებზე კი მსუბუქი მეტალის ყვითლად შეღებილ მასალას იყენებენ. იხ. სურ.4

bpn

“ლუი ვიტონის”  ჩანთების მთავარი მახასიათებელი არის გადაუჭრელი, მთლიანი ტყავი. იმ მცირე შემთხვევებშიც კი, როცა ჩანთაზე არის ნაკერი, ორნამენტები მათემატიკური სიზუსტით უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს და არ უნდა იყოს დარღვეული სიმეტრია. იხ. სურ. 5.

bpn

“ლუი ვიტონის” ჩანთას არ მოჰყვება სახელოზე მიმაგრებული იარლიყი, როგორც ხარისხის, ფასის ან პროდუქციის კოდის მაჩვენებელი. ერთადერთი, რაც ადასტურებს ნივთის ავთენტურობას, არის წარმოების ალფანუმერული კოდი, რომელიც დაღითაა ამოტვიფრული ტყავის იარლიყზე და ჩაკერებულია შიდა ჯიბეში. იხ. სურ. 6.

bpn

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ ცოტაოდენი დრო შეფუთვასაც დაუთმოთ: გასაყიდი ნივთს უნდა მოჰყვეს რბილი ნაჭრის ჩანთა და, აუცილებლად კრემისფერი იყოს.

წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!

იხილეთ ფოტოგალერეა

LA VENEZIANA