საქართველოს ეკონომიკური ისტორია მე-10-მე-12 საუკუნეებში

საქართველოს საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობანი არ განეკუთვნება ქართული ისტორიოგრაფიის "თეთრ ფურცელს" და ამ თემას ბევრი მკვლევარი შეეხო, თუმცა დღემდე ეს საკითხი ბოლომდე გამოკვლეული არ არის, ასე ფიქრობენ ისტორიკოსები.

რა არის მიზეზი, ამის გარკვევას დღევანდელ სტატიაში არ ვაპირებთ, თუმცა, რამდენიმე საინტერესო მასალას შევთავაზებთ მკითხველს მე-10-მე-12 საუკუნეების საქართვლოს საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის ისტორიიდან. 

ამის შესახებ კი ფასდაუდებელ ცნობებს გვაწვდის ისეთი ისტორიული ძეგლები, როგორებიც არის "გარიგების წიგნი", "ხელმწიფის კარის გარიგება", "საქართველოს სამეფოს საფინანსო წეს-წყობილება" და სხვა.

როგორც ამ ნუსხებიდან ირკვევა, მე-10 საუკუნიდან მკვეთრად გაზრდილა საექსპორტო ვაჭრობა. საქართველოს აღებ-მიცემობა, როგორც შიგნით, ისე საგარეოც განვითარებული ჰქონდა. ქართველ სოვდაგრებს მაშინ ისეთ შორეულ ქვეყნებთან ჰქონდათ კავშირი, როგორებიც იყო ბიზანტია, სირია, ეგვიპტე, შირვანი, განჯა, დარუბანდი, ხორასანი, ხაზარეთი, ხვარაზმი, შუა აზია. დმანისის გათხრებმა კი დაადასტურა მჭიდრო კავშირი ჩინეთთან, აქ აღმოჩნდა ჩინური კერამიკის ნიმუშები.

განსაკუთრებული ადგილი საგარეო ვაჭრობაში ეკავა თბილისს. ამ მდიდარი ქალაქის საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ საინტერესო ცნობები დაცულია მე-13 საუკუნის სპარსულ გეოგრაფიულ თხზულება "აჯაიბ ად დუნიას"-ში "ქვეყნიერების საკვირველებანი". ამ თხზულებიდან ირკვევა, რომ თბილისიდან გადიოდა უნაგირები, სხვადასხვა სახის სამხედრო საჭურველი, ბეწვეული. ალ-იდრისის ცნობით კი საღებავი და მცენარეები.

იმ პერიოდის საქართველოს "სახელმწიფო გასავალ-შემოსავლის ნუსხიდან" კი ირკვევა, რომ საქართველოში მარტო არაბული ქვეყნებიდან ყოველწლიურად შემოდიოდა 120 ტონა ვერცხლის მონეტა - დირჰემი, რომელიც მოიჭრა 695 წელს და მისი წონა იყო 2,7 გრამი. საქართველოს სახელმწიფო სალაროს ფულადი შემოსავალი კი 3 მილიონ ოქროს უდრიდა, მაშინ როცა იმავე ხანებში მცირე აზიის, არაბეთისა და ერაყის სახელმწიფო სალაროს შემოსავალი 2 მილიონზე ნაკლები იყო.

ივანე ჯავახიშვილის ცნობები ექსპორტ-იმპორტის შესახებ

ბაღდადიდან და სპარსეთის ქალაქებიდან საქართველოში შემოჰქონდათ: აფი ბაღდადური, ჯუბანი, მატყლი, ძვირფასი ქსოვილები, რომელსაც "ტუფასას" ეძახდნენ. ოქროქსოვილები, რომელსაც ზარაქშს ეძახდნენ, სურნელება და ნელსაცხებელი ე. წ. "ბალასანი". მუშკი. ქაფური, თათრული აღვირები სადაფით შემკული. პატარა ყუთები - ზარდახშად წოდებული, ოქროს ზოდები, რომელთაც "ზარაქანი" ერქვა, ფოლადი, შაქარი, ძვირფასი თვალ-მარგალიტი, ბადახშანური ლალი, იაგუნდი, ფირუზი, სადაფი.

ბიზანტიიდან: აბრეშუმი, ნელსაცხებელი, სპილოს ძვალი, ძვირფასი თვალ-მარგალიტი, ოქრო და ვერცხლი ბერძნული ბროლი, ქსოვილები - "კუბასტი", "სტავრაი", ოქროქსოვილი "საკრამანგი", საეკლესიო ნივთები, ხატნი და კამარანი, სურათები, კვერცხის გული-მაკანი.

სომხეთიდან (კილიკიიდან) - ძვირფასი ფარჩეული, ე. წ. ტაბასტაი სომხური. ბალტიისპირეთიდან, ნორვეგიიდან, დანიიდან კი ქარვა.

არქეოლოგიურმა გათხრებმა კი დაადასტურა ისეთი საქონლის შემოტანა, როგორიც იყო მინა, სარკე, იარაღი, კერამიკა, ავეჯი და სხვა.

მე-12 საუკუნეში საქართველოში გზა გამოიკაფა იტალიის ქალაქების სავაჭრო კაპიტალმა. უხვად გაჩნდა ბრუნვაში ვენეციური ოქროს დუკატები. ვენეციურ ოქროს დუკატს საერთაშორისო ბაზარზე დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული და ვენეციური ვალუტა ყველაზე მყარი იყო მაშინდელი ევროპის მასშტაბით. მე-12 საუკუნიდან, ჯერ გენუელებმა 1170 წლიდან, შემდეგ კი ვენეციამ 1204 წლიდან, უფრო მოგვიანებით კი პიზელებმა მტკიცედ მოიკიდეს ფეხი შავ ზღვაში, საქართველოს სანაპიროზე და შექმნეს ფაქტორიები: ჰაკარა - გაგრა, ჰეცონდა - ბიჭვინთის ყურე, კაფო და რექსო - გუდაუთის მხარეში, ნიკოფა - ახალი ათონი, ნევისტოპოლი - სოხუმი, სანტა-ანჯელო - მდინარე ენგურის შესართავი, რამაც გარკვეული კვალი დატოვა საქართველოს საზღვაო ვაჭრობაზე. იტალიელებს შემოჰქონდათ მარილი, ხმელი თევზი, იარაღი, სამკაულები, სანელებლები.

საქართველოდან გაჰქონდათ აბრეშუმი, ხალიჩები, სინდიყი (ვერცხლისწყალი), საქართველოს საექსპორტო ვაჭრობის ერთ-ერთი საუცხოო საქონელი: ოქროქსოვილები, ბზა, თაფლი, ცვილი, ღვინო.

ეს სრული სია შეიძლება არ იყოს, მაგრამ როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ეს იყო ქართული ვაჭრობის აღმავლობის ხანა, საქართველო ჩაბმული იყო ინტენსიურად საექსპორტო-საიმპორტო ვაჭრობაში და ერთიანი საქართველოს საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობანი პრაქტიკულად სწვდებოდა მთელ იმდროინდელ კულტურულ სამყაროს.

საქართველოს ტერიტორიის სავაჭრო მნიშვნელობის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის კასტროუსის რუკა - ე. წ. "ტაბულა პევტინგერიანა". ამ რუკის მიხედვით არტაშანიდან მიიმართება სავაჭრო მაგისტრალები ეგრისისაკენ და ალბანეთისკენ. ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობაში რომ საქართველოს წამყვანი როლი ეკავა, ეს კარგად ჩანს თხზულებიდან "გზამკვლევი სამოთხისა ედემიდან რომაელებამდე", რომელიც შემონახულია ქართულ და ბერძნულ ენებზე.

ამ საუკუნეებში საქართველოს უკვე ჰქონდა საჭურჭლე - სალაროს ცენტრალური მართვის წესი. შემოღებული იყო ფინანსური კონტროლი. დაზუსტდა ტერმინოლოგია, საშინაო და საგარეო ვაჭრობა, კრედიტი, ბაჟი, საფასო - საზომთა რაოდენობა და სხვა.

საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობანი სტიქიურ ხასიათს არ ატარებდა, შემუშავებული იყო ეკონომიკური სტრატეგია და პერსპექტიული მიმართულებები. საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების რეგულაცია ხდებოდა მეჭურჭლეთუხუცესის მეშვეობით, რადგან მეჭურჭლეთუხუცესის მოვალეობები, თანამედროვე გაგებით, მოიცავდა საგარეო საქმეთა მინისტრის ფუნქციასაც.

მე-11-მე-12 საუკუნეებში საქართველოს დამყარებული ჰქონდა დიპლომატიური კავშირები, დაახლოებით 40 ქვეყანასთან და ვაჭრობასაც აწარმოებდა. ამიტომ, ამ ეპოქაში პოლიტიკური ორიენტაცია ხშირად ემთხვეოდა ეკონომიკურ ორიენტაციას. ამის დამადასტურებელი ფაქტი მოიპოვება "ქართლის ცხოვრებაში", სადაც მითითებულია მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვლის ჩასვლა არზრუმში, სადაც ეკონომიკური საკითხებიც განიხილებოდა. ისტორიკოსების თქმით, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის გარდა, თითქმის არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს, რომ რომელიმე ვეზირი ან მისი ნაცვალი უცხოეთში გამგზავრებულიყო საგანგებო დავალებით. არსებობს სხვა ჰიპოთეზაც, რომ შოთა რუსთაველი - მეჭურჭლეთუხუცესი ხანგრძლივი ვადით გაემგზავრა აღმოსავლეთის ქვეყნებში და იერუსალიმში.

ია აგულაშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"