რას ნიშნავს გენმოდიფიცირება და როგორ მოწმდება საქართველოში პროდუქტი

გენმოდიფიცირებული პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე რამდენიმე ათეული წელია დამკვიდრდა. გენურ ინჟინერიას საკმაოდ ხანმოკლე ისტორია აქვს.

გენმოდიფიცირებული ორგანიზმი არის ისეთი მცენარე თუ ცხოველი, რომლის გენეტიკური მასალა - დნმ შეცვლილია ლაბორატორიული გზით. ერთ ორგანიზმში ჩაშენებულია სხვა ორგანიზმის გენი, ამის მიღწევა ბუნებრივ პირობებში შეუძლებელია.

თავდაპირველად გენური ინჟინერიის გზით პროდუქტის წარმოებას ჰუმანური მიზნით ხსნიდნენ. უნდა გადაჭრილიყო მსოფლიოში სურსათით უზრუნველყოფის პრობლემები და დაძლეულიყო შიმშილი. ეს მოსაზრება აქტუალობას დღესაც არ კარგავს. გენმოდიფიცირებული პროდუქტების მასობრივი წარმოება გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო და უკვე არნახულ მასშტაბებს მიაღწია.

შეიცავს თუ არა საფრთხეს გენური ინჟინერია, როგორია მეცნიერთა მოსაზრებები და კვლევების შედეგები. ამ საკითხებზე ALLNEWS.GE მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარეს მადონა კოიძეს ესაუბრა.

მადონა კოიძე - გენმოდიფიცირებული პროდუქციის ირგვლივ ძალიან მასშტაბური კვლევები ტარდება. საკითხით საკმაოდ სერიოზული ლაბორატორიები არიან დაინტერესებული. უნდა ითქვას, რომ მეცნიერთა აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს არის პროდუქტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დადებითი თვისებების მატარებელია და სწორედ გენური ინჟინერია იხსნის მსოფლიოს შიმშილისგან.

მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ ეს არის პროდუქტი, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს. იწვევს უშვილობას და მოიაზრება სიმსივნური დაავადებების მაპროვოცირებლად.

თუმცა, კვლევები ჯერ მხოლოდ ცხოველებზე მიმდინარეობს და სრულყოფილი შედეგის დადებას გარკვეული პერიოდი სჭირდება. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე ჯგუფს მივემხროთ. კვლევების დასრულებას კიდევ ათეულობით წელი დასჭირდება.

- სანამ შედეგი დაიდება, რამდენად დაცულია ქართველი მომხმარებელი პროდუქტის გაუცნობიერებლად შეძენისგან?

- კანონმდებლობით მომხმარებელთა უფლებები დაცულია. ვინაიდან საქართველოში დარგობრივი კომიტეტის ინიციატივით, მიღებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ბიზნესოპერატორს ვალდებულება აქვს ეტიკეტზე თვალსაჩინო ადგილას გააკეთოს ნიშანდება იმის თაობაზე, რომ პროდუქტი არის გენმოდიფიცირებული. თუკი მის შემცველობაში გმო გენი 0.9%-ზე მეტია.

მაგრამ რეალობა ბევრად უფრო რთული და სავალალოა, რადგან სრულყოფილი ლაბორატორიული ბაზა საქართველოს არ გააჩნია. არსებობს ათეული გენი და ამათგან მხოლოდ რამდენიმეზე ხდება საქართველოში კვლევა.

პროდუქტი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გმო-ორგანიზმებს, საქართველში შემოსვლამდე გადის ლაბორატორიულ კვლევებს, მაგრამ ვინაიდან არ გვაქვს სრული ბაზა, შეუძლებელია, რომ ეს კვლევა იყოს სრულყოფილი.

- რა სურათს აჩვენებს კვლევები საქართველოში?

- საოცრება ხდება საქართველოში. ამ დრომდე, ეტიკეტირების წესების დარღვევით, გმო-შემცველი პროდუქტის საქართველოში შემოსვლის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა აღმოჩენილი. როდესაც სხვა ქვეყნები საკმაოდ საგანგაშო ციფრებს და სულ სხვა სტატისტიკას აქვეყნებენ, იმის ილუზია, რომ საქართველო გენმოდიფიცირებული პროდუქტებისგან თავისუფალი ზონაა, მომხმარებელს, რა თქმა უნდა, არ უნდა ჰქონდეს. ისეთ ქვეყნებში, სადაც სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, ასობით პროდუქტის ბაზრიდან ამოღება და დაწუნება ხდება. საქართველოში კი თითზე ჩამოსათვლელია ანალოგიური შემთხვევები.

მიზეზი მარტივია - სრულყოფილი ლაბორატორია არა გვაქვს და შესაბამისად, სრულყოფილი კვლევა ვერ ხორციელდება. ჩემი, როგორც მოქალაქის აზრი ასეთია. მე არ მაქვს სურვილი ჩემი შვილები იყვნენ საცდელი ბაჭიების როლში და ამგვარი პროდუქტები გამოვიყენო საკვებად. როდესაც არ მაქვს სრულყოფილი ინფორმაცია, რას მივირთმევ, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ. ჩვენი, როგორც მომხმარებლების უფლება უნდა იყოს დაცული. ქვეყანაში უნდა არსებობდეს სრულყოფილი ლაბორატორიები და კვლევის შესაძლებლობა.

ქრისტინე გამთენაძე

წყარო ALLNEWS.GE